ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ისააკ ჰერცოგს შეხვდა
ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ისრაელელ კოლეგას, ისააკ ჰერცოგს უმასპინძლა.
შეხვედრისას ისრაელის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
მისი თქმით, ბაიდენის შემცვლელის, დონალდ ტრამპის მთავარი მიზანი იმის უზრუნველყოფა უნდა იყოს, რომ ირანი „ვერ შეასრულებს ბოროტ განზრახვებს“.
„ვიცი, თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ომი დასრულდება, ასევე იმისთვის, რომ დამყარდეს უსაფრთხოება ისრაელელი და ლიბანელი ხალხისათვის. ყველაფერი იწყება თეირანიდან. ყველაფერი იწყება ბოროტების იმპერიიდან. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა შეაფერხონ სტაბილურობა, უსაფრთხოება და მშვიდობა ისრაელის სახელმწიფოს განადგურების მოთხოვნით და ბირთვული იარაღის მოპოვების მცდელობით. ბატონო პრეზიდენტო, ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი თქვენი მთელი ვადის განმავლობაში და მომავალი პრეზიდენტის შემდეგი ვადის განმავლობაშიც, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ვერ შეასრულებენ თავიანთ ბოროტ განზრახვებს“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.
ამასთან, ისააკ ჰერცოგმა აღნიშნა, რომ ბაიდენთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ჰერცოგს სტუმრობისთვის და ყურადღება მათ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე გაამახვილა.