ლევან ნიკოლეიშვილი: ჩვენ ევროკავშირის სტრუქტურებისგან, განსაკუთრებით ევროპარლამენტისგან, უკვე სიმართლეც კი გვიკვირს, ვინაიდან ამას გადაგვაჩვიეს
“ჩვენ ევროკავშირის სტრუქტურებისგან და განსაკუთრებით ევროპარლამენტისგან უკვე სიმართლეც კი გვიკვირს, ვინაიდან მათ ამას გადაგვაჩვიეს”, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
ნიკოლეიშვილი გამოეხმაურა ევროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერის გამოსვლას, რომელიც იყო საკმაოდ ხისტი და ეხებოდა საქართველოს. ნიკოლეიშვილმა მისი ასეთი პოზიცია დაუკავშირა მის ინტერესებს საქართველოში, კონკრეტულად ე.წ. რადიკალიზმის დაფინანსებას.
ანალიტიკოსმა ასევე გამოყო იმ ევროპარლამენტარებისა და ევროკომისიის წევრების ნაწილი, რომლებმაც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიული უწოდა.
„წარმოიდგინეთ, რა ხდება, რომ ჩვენ ევროკავშირის სტრუქტურებისგან, განსაკუთრებით ევროპარლამენტისგან უკვე სიმართლეც კი გვიკვირს, ვინაიდან ამას გადაგვაჩვიეს შეიძლება ითქვას, ვინაიდან ძირითადად მოდის ტყუილი, დეზინფორმაცია, შეკვეთილი რეზოლუციები, რომლებშიც შემდგომში აღმოჩნდა, რომ თურმე თანხები არის გადახდილი, თურმე ამას ყველაფერს ლობირებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, პირადად სააკაშვილის ოჯახის წევრები და მილიონები არის ამაზე დახარჯული“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, ცხადია თუ რატომ უნდათ გარკვეულ ძალებს ე.წ. გამჭვირვალობის კანონის გაწვევა და რატომ არის ამის გამო შანტაჟი და ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. „მიზეზი მარტივია – სახსრები და ფინანსები არ არის გამჭვირვალე“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა და განმარტა, რომ სწორედ ამ თანხებით ხდება ოპოზიციის გარკვეული რადიკალური ჯგუფების დაფინანსება.
„ჩვენ ამას ყველაფერს ხომ ვხედავთ და ვიცით რაში არის საქმე და რაზე გვედავებიან. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება, ვთქვათ იგივე არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც პირდაპირ ულტიმატუმი წაგვიყენეს და თან ცოტა სასაცილოდ: თუ გავიწვევდით ორ კანონს – ერთი ოჯახური სიწმინდის დაცვის კანონს და მეორე – გამჭვირვალობის კანონს, მაშინ არჩევნები ჩატარებულა უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ გუშინ ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა თვითონ ევროსტრუქტურებში. ევროპარლამენტის სხდომა ფაქტობრივად ცარიელი დარბაზის ფონზე ჩატარდა. ნიკოლეიშვილის თქმით, „ნაცაგენტურა“ საქართველოში ამ სხდომას ელოდებოდა ძალიან ანგაჟირებული და ძალიან დიდი მოლოდინით. მათ ეგონათ, რომ კვლავ გაისმებოდა მოწოდებები, რეზოლუციაში ისევ ასახავდნენ ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მიხეილ სააკაშვილის გამოშვებას, ამ ორი კანონის გაწვევას და ჯამი იქნებოდა ის, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა ცუდად.
„ძალიან საგულისხმო იყო, რომ ის ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ და ისაუბრეს იმის თაობაზე, რომ თურმე საქართველოში არჩევნები გარკვეული ხარვეზებით ჩატარებულა, მათ არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტები არ აქვთ ამის თაობაზე, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ ვნახეთ ღირსეული ქვეყნების ღირსეული წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები, ადამიანები, რომლებიც უშუალოდ თავისი თვალით აკვირდებოდნენ საქართველოში მიმდინარე არჩევნებს და რომლებიც გამოვიდნენ თავიანთ სიტყვაში და ილაპარაკეს ძალიან მარტივად სიმართლე“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, ადამიანების არც თუ ისე ცოტა ჯგუფი, რომლებმაც თავიანთი თვალით ნახეს საქართველოში მიმდინარე არჩევნები, იყვნენ დამკვირვებლები, გამოთქვეს ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ასეთი არჩევნები ელექტრონული სისტემით, თანამედროვე სისტემით ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც არ არის.
როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებმა დაინახეს რა მშვიდ მდგომარეობაში მიმდინარეობდა არჩევნები, მათ დაინახეს ისიც, რომ ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან, ლობისტური აგენტურული ნაცების მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან ხდებოდა ძირითადად საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა იმის გამო, რომ მათ დაინახეს პირველი საფრთხე, რომ ვერ მიიღებდნენ საქართველოში მათთვის სასურველ მონურ ხელისუფლებას.
მისი თქმით, ახლა, როდესაც არჩევნები დასრულებულია, კითხვის ნიშნები ფაქტობრივად აღარ არის, ოპოზიცია რაღაც გამოგონილი პერფორმანსებით ცდილობს რამეს მიაღწიოს, თუმცა ვერაფერს ვეღარ აკეთებს.
„ამიტომ ეს ხალხი პირდაპირ მოუწოდებდა გუშინ იმ დანარჩენ სამარცხვინო ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ არის, მაგრამ წამსვლელი პოლიტიკოსები არიან ევროპარლამენტში, რომ მათ კეთილი უნდა ინებონ და პირველი, რასაც ხაზი უნდა გაუსვან არის ის, რომ პატივი სცენ დამოუკიდებელ ქვეყანას, პატივი სცენ ამ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის – ჩვენ მილიონ ორასი ათას ადამიანზე ვლაპარაკობთ – გაკეთებულ არჩევანს და კეთილი ინებონ და შეეგუონ იმას, რომ ეს არის დამოუკიდებელი ქვეყანა თავისი კანონებით, თავისი ტრადიციებით, თავისი კულტურით”, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.