თამარ ჩიბურდანიძე: პროფესორ-მასწავლებლები დეზინფორმაციით ცდილობენ სტუდენტების მოტყუებას და ამით მათ აქციებზე გამოყვანას
„ნუ თამაშობთ ახალგაზრდების სუფთა გრძნობებით! ნუ იყენებთ სტუდენტებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის!“ – ასე მიმართა სოციალური ქსელის მეშვეობით პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ პროფესორ-მასწავლებლებს.
მისივე თქმით, პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება სირცხვილია.
„უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ოპოზიციონერი პროფესორ-მასწავლებლების სტატუსები, სადაც ისინი სტუდენტებს მიმართავენ, რომ 1 დეკემბრიდან ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, ვეღარ შეძლებენ ესაუბრონ მათ ისეთ კლასიკოსებზე, რომლებიც არატრადიციული სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ამის დასტურად მოჰყავთ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და ლგბტ პროპაგანდის შესახებ“.
პროფესორები წერენ, რომ ამ კლასიკოსებზე საუბარი შეიძლება „გაუკუღმართებული სექსის“ პოპულარიზაციად ჩაითვალოს და პასუხისგებაში მისცენ, აქვე უთითებენ კანონის პუნქტებსაც.
არ ვიცი, როგორ შეიძლება, ასეთი დეზინფორმაცია პროფესორებმა იკადრონ და ამ ტყუილით სინამდვილეში სტუდენტები ქუჩაში გაყარონ აქციებზე. ნუთუ ყველაფრის კადრება შეიძლება საკუთარი მიზნების მისაღწევად? ნუთუ სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე ახალგაზრდების სულიერი და მორალური ჩამოყალიბება?
ამ პროფესორების საყურადღებოდ მსურს განვაცხადო, რომ ამ კანონის დარღვევა იქნება არა იმ კლასიკოსების ნამუშევრებზე ღია საუბარი, ვინც არატრადიციული ცხოვრებით ცხოვრობდა, ეს მხოლოდ მათი შემოქმედების პოპულარიზაციაა, არამედ, ღია მოწოდება და ყველა სახის პროპაგანდა ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ.
ნუ თამაშობთ ახალგაზრდების სუფთა გრძნობებით!
ნუ იყენებთ სტუდენტებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის!
ეს ყველაზე დიდი უზნეობაა პედაგოგისთვის!
ამის შემდეგ არაფრად ღირს არც თქვენი განათლება და არც თქვენი სამეცნიერო საქმიანობა.
დეზინფორმაცია პროფესორისგან – სირცხვილია!“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.