leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ.

მანამდე აქციის მონაწილეებმა კომპრომისზე წასვლაზე უარი განაცხადეს და დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. ე.წ. ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად 20 წუთი მისცეს.

ტელეგრამის არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის დელეგაცია ე.წ. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ერთად ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაბრუნდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი ქმედება რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ მიმართული არ არის.

„დღეს პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ არა ჩვენს მოკავშირეებთან დასაპირისპირებლად, არამედ აფხაზეთის ეროვნული ინტერესების, მისი ბუნებრივი რესურსებისა და სიმდიდრის დასაცავად, რომლის უზურპაციას ბჟანია პირადი სარგებლისთვის ცდილობდა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის შენობაში შეჭრამდე შენობასთან სროლა იყო.

ტელეგრამის არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის შენობასთან დილიდან განვითარებული მოვლენების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ასევე იხილეთ