ასლან ბჟანია: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვინც იმყოფებიან, შენობა უნდა დატოვონ, რის შემდეგაც გამოვაცხადებ არჩევნებს და დავტოვებ თანამდებობას
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. თანამდებობიდან გადადგომის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ ბჟანიამ ტამიშში შეკრებილ მხარდაჭერებს განუცხადა.
ამასთან, ბჟანიამ განაცხადა, რომ მზადაა, ახალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.
„ამბობენ, რომ წავედი აფხაზეთიდან, მაგრამ მე აფხაზეთში ვარ. ჩვენ შევიკრიბეთ არა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩემი ძალაუფლება, არამედ, რომ შევინარჩუნოთ სახელმწიფო. მათ, ვინც იმყოფებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უნდა დატოვონ იქაურობა, რის შემდეგაც გამოვაცხადებ არჩევნებს და დავტოვებ თანამდებობას“, – განაცხადა ბჟანიამ.
ოკუპირებულ აფხაზეთში, უკვე მეორე დღეა, დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეჭრილი. სოხუმში არეულობა ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც 15 ნოემბერს „რუსული ინვესტიციების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მომდევნო კვირამდე გადადო. აქციის მონაწილეები კი კანონპროექტის წინააღმდეგ კენჭისყრას ითხოვდნენ. ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ შეკრებილმა ხალხმა ჯერ ე.წ. პარლამენტის შენობის ღობე გაარღვია, შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრა.