leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნათია იოსელიანი: საარჩევნო ადმინისტრაციამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს არჩევნები ადმინისტრირების კუთხით ყოფილიყო საერთაშორისო დონის

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ელოდება გამოძიების დასრულებას”, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა. აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა კითხვას, ეხება თუ არა რაიმე რევიზია ბეჭედ დასმულ, ხელმოწერილ შემაჯამებელ ოქმს და შეიძლება თუ არა მასზე იმოქმედოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებამ.

„დიახ, ეს არის სამართლებრივი საკითხი. ბუნებრივია, ამაზე ჩვენ გაგვიჭირდება საუბარი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ელოდება გამოძიების დასრულებას. მოგეხსენებათ, რომ იმ მძიმე ბრალდებების ფონზე, რაც ისმოდა საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით და ეს იყო არჩევნების გაყალბება, საარჩევნო ადმინისტრაციამ თავად მიმართა პროკურატურას. მას შემდეგ, რას ეს პროცესი დასრულდება, ამის შემდეგ შეიძლება უკვე ამ საკითხზე საუბარი“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგ ბრალდებებთან დაკავშირებით უწევდა არაერთი განმარტების გაკეთება.

„ჩვენ ვთვლით, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ყველაზე მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ ტექნოლოგიები გამოგვეყენებინა ფართო მასშტაბით. თქვენ იცით და მოგეხსენებათ, რომ ტექნოლოგიების გამოყენება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა, თუმცა ამ არჩევნებზე ამომრჩევლის 90 პროცენტს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ კენჭისყრის პროცესში გამოეყენებინა ელექტრონული ტექნოლოგია. სწორედ ამისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციამ გააკეთა ყველაფერი. ჩვენ ამისთვის მზადება დავიწყეთ წელიწად ნახევრით ადრე და საარჩევნო ადმინისტრაციამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს არჩევნები ადმინისტრირების კუთხით ყოფილიყო საერთაშორისო დონის.

ასე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას არ დაუკლია არც სამართლებრივი, არც ტექნიკური და არც ადმინისტრირების კუთხით არცერთი ღონისძიება. ჩვენ ვიშრომეთ დღე და ღამე იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნები ჩაგვეტარებინა მაღალ დონეზე“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

ასევე იხილეთ