„ბათუმი არენაზე“ უკრაინის ნაკრებთან ერთა ლიგის B1 ჯგუფში ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა თამაში შეაფასა.
„ჯგუფში დაძაბული ვითარებაა. მგონია, რომ ჩეხეთთან რთული და დაძაბული შეხვედრა იქნება, რადგან გასვლაზე თამაში არასოდეს არ არის მარტივი. თუმცა, კარგი შემართებით მივდივართ, რადგან ვიცით, რომ აუცილებლად მოსაგები მატჩია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ.
ჩემი აზრით, დღეს ორივე გუნდი თანაბრად იმსახურებდა მოგებას. არც ჩვენ და არც მათ ამინდმა ხელი არ შეგვიწყო, კარგად რომ გვეთამაშა. საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ფრე ლოგიკური შედეგი იყო“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
ერთა ლიგის ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს ჩეხეთთან გასვლაზე გამართავს.