„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეზე თავდასხმა ლიბერალური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
მდინარაძის შეფასებით, პროტესტის ეს ფორმა მიუღებელია.
„შავი ლაქა გაიხადეს საკუთარ ბრენდად. მართლები არიან ამ შემთხვევაში. ქვეცნობიერი მათ აძლევს ნიშანს, რომ დიახ, მათ ასე უნდა იმოქმედონ. ეს მათი მოქმედების წყარო, საფუძველია, რადგან სხვანაირად არ შეიძლება, შავი ლაქის სამკლაური გაიკეთო ხელზე, თუ ეს შენი სიმბოლო, შენი ნიშანი არ არის. გუშინ იყო ფაშიზმის კიდევ ერთი გამოხატულება. ყველასთან გვაქვს ერთი კითხვა, ჟარგონისთვის უკაცრავად, ანუ მოსულა ასე რაღაცების შესხმა? ერთი იმაზე ილოცონ, იმ კაცს თვალზე სერიოზული არაფერი სჭირდეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, როგორც ვიცი, ამაზეა დამოკიდებული და მეორე – რაღაცების შესხმა მოსულა? „ენჯეოებმა“ ხომ „გაუპრავეს“, ეს თუ მოსულა და შეიძლება, პროტესტის ჩვეულებრივი ფორმა თუა, შევიდეთ ამ თემაში? რესურსი არ აქვთ. მათ აქვთ პროვოკაციული რესურსი, ერთი კაცი სადღაც მივა, ვიღაცას რაღაცას გადაასხამს. ეს თუ მოსულა და პროტესტის ჩვეულებრივი ფორმაა, კი ბატონო, შევიდეთ ამ თემაში და შემდეგ როგორ ივლიან ქუჩაში, შევხედავთ, მაგრამ არ მინდა, ამაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ. გაგვცენ პასუხი კითხვაზე, ეს პროტესტის მისაღები ფორმაა?“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს დაუდგენელი ნივთიერება შეასხა. აღნიშულ ფაქტზე, ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე, შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.