მაია ბითაძე: ყველასთვის ძალიან თვალნათელია, რომ არანაირი კავშირი ლგბტ პროპაგანდის, „ენჯეო“ გამჭვირვალობის კანონებსა და არჩევნებში არჩეულ კანონიერი ხელისუფლების შედეგებს შორის არ არის
“ყველასთვის ძალიან თვალნათელია, რომ არანაირი კავშირი ლგბტ პროპაგანდის, „ენჯეო“ გამჭვირვალობის კანონებსა და არჩევნებში არჩეულ კანონიერი ხელისუფლების შედეგებს შორის არ არის. ეს აბსოლუტური სპეკულაციაა და მიუთითებს ერთადერთ რამეზე, რომ გამჭვირვალობის კანონი სწორედ იმიტომ არ სურდა ზოგიერთ ლიდერს და ზოგიერთ უცხოელ დამფინანსებელს, რომ არ გამჟღავნებულიყო ის საქართველოსთვის არასახელმწიფოებრივი გეგმები, რომლის რეალიზებას ჩვენ ახლა ვაკვირდებით”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ძალიან კარგად ხდება ნათელი ყველასთვის, თუ რა მიზნით ფინანსდებოდნენ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი. მიზანი, რომელიც იყო პირდაპირ საქართველოში სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის მოშლა. მეზობელი, რაც არ უნდა კარგი მეზობელი იყოს, იმ მეზობელს თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესი აქვს და შენ, როგორც საქართველოს მოქალაქემ შენი ინტერესი უნდა დაიცვა და კარგად უნდა დაფიქრდე რატომ ახდენს ასეთ წნეხს ვიღაც უცხოელი შენზე და არტომ არ უნდა, რომ მისი ფინანსები იყოს გამჭვირვალე.
რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის კანონს, ჩვენ ვხედავთ რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში როგორ სწრაფად შეიცვალა მოვლენები, განსაკუთრებით აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შემდეგ და ჩვენ დღეს აშშ-ს მხრიდან გვესმის, რომ ისინიც კი აპირებენ ამგვარი კანონის მიღებას. ის, რომ საქართველოში ეს საკითხი ახლა გახდა უფრო აქტუალური, აშშ-ში და ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდისა და განსაკუთრებით ბავშვებში ამ გენდერული სიგიჟეების თემები ძალიან აქტუალური და მტკივნეული გახდა მოსახლეობისთვის.
ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ტრამპი მოვიდა დღეს ხელისუფლებაში, სწორედ იყო ეს თემა. ჩვენ რომ ასე ბრმად გვასწავლიან, რომ თითქოს მთელი ევროპის და აშშ-ს მოსახლეობა ფიქრობს ისე, როგორც ჩვენი ნეოფაშისტები და ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ეს ასე არ არის. ოჯახები იქაც არიან, ღირსეული ადამიანები იქაც არიან და ძალიან კარგად იციან, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გადარჩეს ის, რასაც ადამიანური ღირებულებები ჰქვია“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.