მაია ბითაძე: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო და გამჭვირვალობის კანონების გაუქმებას, როგორც პირობას, ევროკავშირის ყველა სახელმწიფო აქტიურად არ დააყენებს
„ქართული ოცნების“ დეპუტატი მაია ბითაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპელი ლიდერების ნაწილის მიერ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო და გამჭვირვალობის კანონების გაუქმების მოთხოვნას გამოეხმაურა.
იგი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული კანონების გაუქმების პირობას ევროკავშირის ყველა სახელმწიფო აქტიურად არ დააყენებს.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამას, როგორც პირობას, ევროკავშირის ყველა სახელმწიფო აქტიურად არ დააყენებს. რა თქმა უნდა, დიალოგში, კონსულტაციებში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივად ვიქნებით, თუმცა, იმ პირობით, რომ ისინი საქართველოზე წნეხის განხორციელებას შეეშვებიან.
მინდა ასევე ვისაუბრო გერმანიაზე. სწორედ ამ დღეებში ვნახეთ ჩვენ, თუ როგორ ჩამოიშალა პოლიტიკური პარტია, რომელსაც შოლცი ხელმძღვანელობდა. ასე, რომ მსოფლიოში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ ჩვენი რადიკალები ვერ იაზრებენ იმას, რასაც დღეს აკეთებენ თბილისის ქუჩებში – მათ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ძალიან მკაცრი პასუხი გაეცემათ“, – განაცხადა ბითაძემ.