„დემოკრატიის ყველაზე ფუნდამენტური იდეა გვეუბნება, რომ არ შეიძლება კეთილი ზრახვების უკეთური საშუალებებით მიღწევა. ამიტომაც, იუსტიციის რეფორმის კრიმინალების ხელით გატარება კანონის უზენაესობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. უკრაინის მთავრობის მიერ ქართველი კრიმინალის, ზურაბ ადეიშვილის შეფარება და გენერალური პროკურორის მრჩევლად დანიშვნა, ასევე ადეიშვილის ბოლოდროინდელი ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და ევროკავშირის სახელისუფლებო ინსტიტუციებში არასწორ სიგნალებს გვიგზავნის, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიული ცვლილებებისკენ მიმართულ საერთაშორისო თანამშრომლობას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ადეიშვილის კრიმინალური წარსული კარგადაა დოკუმენტირებული ქართული სასამართლოს მიერ.
„მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ხუთი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, უკანონო გატაცებით დაწყებული კომპანიების უკანონო გაკოტრებით გაგრძელებული. კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. განაჩენების შეკრებითობის პრინციპი რომ არ გაგვეუქმებინა, რომლის შემოტანაში წვლილი თავად ადეიშვილმაც შეიტანა, მას, მთლიანობაში, ციხეში 18-წლის გატარება მოუწევდა.
ის იყო სააკაშვილის ჯალათი და ძალადობრივი მართლმსაჯულების და პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. შეუძლებელია, რომ ადეიშვილი ვინმემ დემოკრატიულ რეფორმატორად წარმოუდგინოს ან ქართველ ხალხს, ან საერთაშორისო თანამეგობრობას.
ცხადია, უკრაინელი ხალხის ბრძოლამ საერთაშორისო დახმარება და აღტაცება გამოიწვია. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ყველანაირად დაეხმარა უკრაინელების ბრძოლას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მხარდაჭერითა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების აღსრულებით დაწყებული, ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილის შეფარებითა და ჰუმანიტარული დახმარებით გაგრძელებული, საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა უკრაინის მხარდაჭერის კეთილი ნება გამოავლინა. სამწუხაროდ, ეს კეთილი ნება ორმხრივი არ აღმოჩნდა. გაუგებარია, რომ უკრაინის მთავრობამ გაიწვია საკუთარი ელჩი თბილისიდან და მოითხოვა კიევიდან საქართველოს ელჩის გამოწვევაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ელჩი თითქმის ერთადერთი უცხოელი დიპლომატი იყო, რომელიც რჩებოდა უკრაინის დედაქალაქში მაშინაც კი, როდესაც რუსული ოკუპაციის საფრთხე 2022 წლის გაზაფხულზე აშკარა იყო“, – აცხადებს პაპუაშვილი.
მისივე თქმით, დღემდე, საქართველოს მთავრობა თავს იკავებდა საჯაროდ გამოეტანა უკრაინის მთავრობასთან უთანხმოება ქართველი კრიმინალების შეფარების გამო.
„უკრაინა ომშია, მაგრამ გაუგებარია, რა საჭიროა ქართველი კრიმინალების შეფარება და საქართველოსთვის მათ გადმოცემაზე უარის თქმა. ადეიშვილის გარდა, რომელიც სერიოზული დამნაშავეა, გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილეა, რომელიც, სხვა საქმეებს შორის, დადანაშაულებულია სააკაშვილის საქართველოში უკანონო შემოყვანაში, 2021 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.
უკრაინას რაღაც მიზეზი მაინც აქვს, ომის სახით, რომელიც შეუძლია ქართველი კრიმინალების საკითხში ჩაუღრმავებლობის საბაბად მოიტანოს. მაგრამ გერმანიისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს არანაირი საბაბი არ გააჩნიათ, რომ მათ მიმართ კეთილი ნება გამოავლინოს. გასულ კვირას ჩვენ ვნახეთ, რომ ადეიშვილი ამაყად იყო წარმოდგენილი ბუნდესტაგის სტუმრებს შორის. მეტიც, იგი, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, მონაწილეობდა გერმანელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებში ბერლინსა და ბრიუსელში. ქართველებისთვის ეს ერთგვარი დეჟავიუ იყო, რამაც სააკაშვილის თავისუფალი მიმოსვლა გაგვახსენა ევროპასა და შეერთებულ შტატებში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩადენილი დანაშაულებისთვის იძებნებოდა.
ევროკავშირთან ურთიერთობის ახალი „9 ნაბიჯის“ მთავარი აქცენტი დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. საქართველოს მთავრობა ენთუზიაზმით შეხვდა ამ ჩანაწერს. მაგრამ რა არის ადეიშვილის მიღება ევროპის მაღალ დიპლომატიურ დონეზე, თუ არა დეზინფორმაცია იმაზე, თუ რას წარმოადგენს ადეიშვილი? როგორ აპირებენ გერმანული და ევროპული ინსტიტუციები დაარწმუნონ ქართველები, რომ კრიმინალი ადეიშვილი დემოკრატიას აშენებს უკრაინაში და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მისი მოთმენა შესაძლებელია?
კანონის უზენაესობა მხოლოდ იდეალისტური პრინციპი არ არის. მას პრაქტიკული პოლიტიკური შედეგები აქვს. გავიხსენოთ, რომ სააკაშვილს დასავლეთში თავისუფალი გადაადგილების საშუალება ჰქონდა და ამას ბევრი ჩვენი პარტნიორი არ იმჩნევდა, თითქოს სერიოზული არაფერი ხდებოდა. ამასობაში, თავისუფალი გადაადგილებისა და უკრაინული თანამდებობის პრივილეგიების წყალობით, სააკაშვილი ბოროტად ერეოდა ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკური რადიკალიზაციის კოცონს აგიზგიზებდა. მერე კი იგი უკვე საქართველოში ვნახეთ, საჭირო დროს, არჩევნების დღეს, არეულობა რომ მოეწყო. მხოლოდ ქართული სპეცსამსახურების წყალობით მოხდა, რომ იგი სწრაფად იპოვეს და დააკავეს, რის გამოც მისი გეგმა ჩაიშალა, რომელსაც საქართველოში სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხის შექმნა შეეძლო.
ამ თვალსაზრისით, სააკაშვილის და, ახლა უკვე, ადეიშვილის მიმღებლობა დასავლეთის მიერ სულაც არ არის ისეთი უვნებელი, როგორც გამოიყურება. ეს მიმღებლობა ძირს უთხრის ღირებულებებს, რომლებზეც საქართველოს ევროპული მისწრაფებები დგას. მეტიც, არაფერი აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებების მიმართ უფრო მეტად, ვიდრე ძალადობრივი კრიმინალების შეფარება უკრაინისა და ევროპული დემოკრატიების მიერ.
რაც უფრო მალე მორჩება ეს ფარისევლობა, მით უკეთესი. ქართველი ხალხი მოელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან ჩვენი საერთო ღირებულების კანონის უზენაესობის მიმართ, უარს იტყვიან რუხ ზონებზე და საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ. კანონის უზენაესობა ევროკავშირში არჩევითი კი არა, აუცილებელია“, – აცხადებს პაპუაშვილი.