მიხეილ სარჯველაძე: მთავარი გახლავთ პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალური დაცვა, ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, მედიასთან განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც ბუნებრივია, აღსრულდება.
„მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის ჩართულობით მიღწეულია გარკვეული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, ბუნებრივია, მივდევთ და სამომავლოდაც, ძირითადად, ალბათ, ეს პოსტულატები იქნება განმსაზღვრელი, რაც ითქვა წინდაწინ”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ასევე, მინისტრს კითხვა დაუსვეს DRG მეთოდის შესახებ.
„ამასთან დაკავშირებით აუცილებელი იქნება დარგთან აქტიური კომუნიკაცია, ყველა მოსაზრების მოსმენა და შერჩევა საუკეთესო მოდელისა, რომელიც წაადგება თითოეულ პაციენტს. მთავარი განმსაზღვრელი გახლავთ პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალური დაცვა. ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.