უკრაინამ ATACMS-ის რაკეტის გამოყენებით პირველი დარტყმა განახორციელა რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
როგორც RBC-Ukraine თავდაცვის ძალებში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, უკრაინელმა სამხედროებმა ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევის მახლობლად სამხედრო ობიექტზე მიიტანეს იერიში.
„სამიზნე წარმატებით განადგურდა“, – ამბობს გამოცემის წყარო.
ქალაქი კარაჩევი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 130 კილომეტრში მდებარეობს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დასავლურ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში ATACMS-ის რაკეტებით დარტყმების განხორციელების უფლება მისცა.
ცოტა ხნის წინ, ბრაზილიურ გამოცემა „O Globo“-ში გამოქვეყნდა დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ბრაიან ნიკოლასის ინტერვიუ, რომელშიც მან დაადასტურა, რომ ბაიდენმა აღნიშნული გადაწყვეტილება მართლაც მიიღო.
„იარაღი, რომლის გამოყენების უფლებაც პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინას მისცა, მას უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს თავდაცვისთვის და როგორც ვიმედოვნებთ, რუსეთის ფედერაციას დაეხმარება იმის გააზრებაში, რომ უკრაინის ტერიტორიის დასაპყრობად ძალის გამოყენება წარმატებამდე არ მიიყვანს. ამ ფონზე, შესაძლოა, მან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, ან უკეთესი – უბრალოდ გავიდეს უკრაინის ტერიტორიიდან“, – მოჰყავს ბრაზილიურ გამოცემას ბრაიან ნიკოლასის სიტყვები.