ესპანეთის საელჩო კიევში საკუთარ მოქალაქეებს 20 ნოემბერს მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმის შესახებ აფრთხილებს. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
ესპანეთის საელჩომ კიევში საკუთარ მოქალაქეებს ელექტრონული წერილები გაუგზავნა, რომელშიც მათ ურჩევს მიმართონ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს, ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციებს მიჰყვნენ და თავშესაფართან ახლოს იმოძრაონ. ინფორმაციის თანახმად, დღეს ესპანეთის საელჩო კიევში არ იმუშავებს.
ანალოგიური შინაარსის გაფრთხილება გაავრცელა იტალიის საელჩომ კიევში. იტალიის დიპლომატიური წარმომადგენლობა საკუთარ მოქალაქეებს საჰაერო განგაშის შემთხვევაში დაუყოვნებლივ თავშესაფარში შესვლისკენ მოუწოდებს. იტალიის საელჩო ესპანეთის მსგავსად დღეს დაკეტილი იქნება.
სიფრთხილისკენ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა საბერძნეთის საელჩომაც. „საბერძნეთის საელჩო უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დღეს საზოგადოებისთვის დაკეტილი იქნება. თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან და დარჩით უსაფრთხო ადგილას“, – ნათქვამია საბერძნეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ის საელჩომ კიევში პირველმა გააფრთხილა საკუთარი მოქალაქეები 20 ნოემბერს მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმის შესახებ. საელჩო მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს თვალი ადევნონ ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ახალ ამბებს, საჰაერო განგაშის შემთხვევაში მოძებნონ თავშესაფრები და დაუყოვნებლივ შევიდნენ იქ, მიჰყვნენ უკრაინის ოფიციალური პირების მითითებებს.