მეთიუ მილერი: გვახსოვდეს, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ასევე შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას იმავე გზით, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას
“ვაგრძელებთ კოორდინაციას ნატო-ს მოკავშირეებთან საფრთხეების სხვადასხვა სპექტრთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოებისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ, გახსოვდეთ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას იმავე გზით, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მეთიუ მილერს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, რომლის თანახმადაც: „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის სამხედრო მოქმედებების გამო გაჩნდა რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხე არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ზოგადად, ნატო-ს წინააღმდეგ. სერიოზულად აღიქვამს თუ არა ამას აშშ და განიხილავს თუ არა ნატო-ს მოკავშირეებთან?“
„ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას ჩვენს ნატო-ს მოკავშირეებთან საფრთხეების სხვადასხვა სპექტრთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოებისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ, გახსოვდეთ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც შეიჭრა კიდევ ერთ მის მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში და აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას იმავე გზით, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას. და ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს ნატო-ს მოკავშირეებთან საუბარს რუსეთის იმ ასიმეტრიული საფრთხეების შესახებ, რასაც ევროპის გარშემო ქმნის, რაც ზოგიერთ შემთხვევაში უკვე რეალურად გამოიხატა ევროპის სხვადასხვა რეგიონში“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.