ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება – მიხეილ სარჯველაძე, სამომავლო პრიორიტეტების, საჭიროებებისა და მომავალი წლის ბიუჯეტის განსაზღვრის მიზნით, დღის ცენტრების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის შესახებ იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობასა და მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. ასევე, განიხილეს სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლო გზები.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და რეალიზებაა. მისივე განმარტებით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს, ისე – სექტორში მომუშავე კერძო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე, მოადგილე ბელა გოგუა, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე და სოციალური პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი თამარ გოცაძე ესწრებოდნენ.