„Georgian Travel group“: „IBTM World 2024“-ის ტიპის გამოფენებში მონაწილეობა საქართველოს პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IBTM World 2024“ არის წარმოდგენილი.
საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ბიუროს წევრი 7 კომპანია, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობს.
გამოფენის შესახებ საუბრობს კომპანია „Georgian Travel group“-ის შემომყვანი ტურიზმის განყოფილების უფროსი თამუნა კურტანიძე.
„ეს ორი დღე საკმაოდ დატვირთული იყო შეხვედრებით. ამ გამოფენის პროფილი MICE ტურიზმი ანუ ბიზნეს ტურიზმია და ყველა შეხვედრა ძირითადად კორპორაციული ტურიზმის ირგვლივ იყო. წინა გამოფენებიდან გამომდინარე დიდი იმედი მაქვს ეს გამოფენაც შედეგიანი იქნება. წელს ისეთი ტენდენციაა, რომ სკანდინავია კიდევ უფრო მეტად დაინტერესდა საქართველოთი, განსაკუთრებით MICE ტურიზმის კუთხით. ვფიქრობ „IBTM World 2024“-ის ტიპის გამოფენებში მონაწილეობა საქართველოს პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია“, -განაცხადა თამუნა კურტანიძემ.
„IBTM World 2024“-ზე მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნიდან 2400-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.