დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: პუფების საკითხი ხომ გახსოვთ? ამოიწყვიტეს ყველაფერი არ შევალთ პარლამენტშიო, მერე ერთმანეთს ასწრებდნენ და იხვეწებოდნენ განაცდური ხელფასებიც მოგვეცითო, იგივეა ახლაც
“რეალური საპროტესტო მუხტი არ არსებობს, იმიტომ, რომ ტყუილია მათ მხარეს. როდესაც ტყუილია შენს მხარეს, ვერაფრით შეძლებ, რომ საზოგადოება დაარწმუნო იმაში, რომ გვერდში დაგიდგნენ, მოვიდნენ და საპროტესტო მუხტი აწიონ”, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა, ოპოზიციის აქციებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს მათი განცხადებები წინა მოწვევის პარლამენტში, როდესაც ამბობდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში არ შევიდოდნენ. დავით მათიკაშვილის განცხადებით, ისევე როგორც ეს 2020 წელს მოხდა, ახლაც ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შევა.
„ფაქტია, რომ საპროტესტო მუხტს ვერ წევენ, ვერც იმ დავალებებს ასრულებენ, რომელსაც საზღვარგარეთიდან იღებენ და რა დარჩენიათ, საკუთარი უღირსობის კიდევ უფრო ხაზგასმა. პუფების საკითხი ხომ გახსოვთ წინა მოწვევის პარლამენტიდან. ყველაფერს ამბობდნენ, ყველაფერს კადრულობდნენ, ამოიწყვიტეს ყველაფერი, რომ როგორ შევალთ პარლამენტში, რა გვინდაო. და ერთმანეთს ასწრებდნენ მერე და იხვეწებოდნენ, რომ ის წინა განაცდური ხელფასიც მოგვეცით ეს თვეები, რომ ფეხი ფეხზე გვქონდა გადადებული ოპოზიციას და არ აღელვებდა ქვეყნის იღბალი. იგივეა ახლაც, რამე შეიცვალა? ან ადამიანები შეიცვალნენ რადიკალურ ოპოზიციაში?
ქარიზმატული ლიდერი არ ჰყავთო ამბობთ, ქარიზმატული ლიდერი კი არა საერთოდ ლიდერი არ ჰყავთ. ვერ ეყოლებათ ისეთი ლიდერი, რომელსაც ხალხი გაჰყვება და ხალხის ნდობას დაიმსახურებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.