leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან თაქთაქიშვილი: დღეს დიდი დღეა! დავით გურამიშვილი ხელახლა დაიბადა!

ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი „დავითიანის“ ხელნაწერის ფოტოტიპიური ასლის გამოცემის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„აბა, ეს პოსტი სხვანაირად როგორ დავიწყო? პატივცემულო მეგობრებო? თუ –  უკაცრავად? თუ – მინდა გახაროთ? თუ როგორ? სწორედ ასე უნდა დავიწყო: ქართველო ერო! შე უბედურო და მრავალ წისქვილის ქვა გადატარებულო, ხან ნამარაბდალო, ხან ნადიდგორალო, ხან  ნაბაზალეთარო, ხან  ნაშამქორალო, შენი სისხლი რომ არის ჩაქცეული შენს მიწაში!

მაგრამ დღეს დიდი დღეა! შენი უდიდესი პოეტი გაცოცხლდა – დავით გურამიშვილი ხელახლა დაიბადა. ბოლოს და ბოლოს გამოიცა მისი „დავითიანის“ უპრეცედენტო გამოცემა – პოეტის ხელნაწერის ფოტოტიპიური ასლი! დიახ! გურამიშვილის ხელნაწერი, რომელიც მირიან ბატონიშვილს გამოატანა მირგოროდიდან! ეს ხელნაწერი ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება , იქამდე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკაში იყო. დღემდე არაერთხელ დამდგარა საკითხი ამ ხელნაწერის  ფოტოტიპიური გამოცემისა, მაგრამ …. არ გამოცემულა!

დავდიოდი და ვეხვეწებოდი ხან ვის და ხან ვის! ზაზა აბაშიძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობიდან ხელნაწერთა ინსტიტუტში რომ გადაიყვანეს – პირველ შეხვედრაზე ვუთხარი – გურამიშვილის ხელნაწერი გამოეცი-მეთქი.

მაგრამ ერთი პრობლემა იყო – ტენდერით უნდა გაკეთებულიყო და იცით, იმარჯვებს ის, რომელიც მცირე ფასს შესთავაზებს.

ამ ხელნაწერის გამოცემას კი რამდენიმე გამორჩეული  გამომცემელი თუ შეძლებდა და ფული არ უნდა მოეჭირა, ამიტომ ცალკე „ბაკმის“ გამომცემლობას ვაქეზებდი. ბოლოს ცხონებულმა ბონდო მაცაბერიძემ და მე გავიარეთ ყველა ის წვრილმანი, რაც გასაკეთებელი იყო ამ გამოცემის წარმატებით დაბადებისათვის. მაგრამ გავიგე რამდენიმე კვირაში, რომ ბატონი ბონდო თურქეთში იწვა კლინიკაში უმძიმესი დაავადებით. ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა. ამ წიგნზე აღარავინ იფიქრებდა. ბატონი ბონდოს მკურნალობას ვადევნებდი თვალს. ჩამოვიდა თუ არა, ბიბლიოთეკაში მესტუმრა – კვლავ გურამიშვილის გამოცემაზე აღვადგინეთ წვრილმანები. მერე კვლავ ავადმყოფობა და მისი გარდაცვალება.

ვიფიქრე, რომ დამთავრდა ფიქრი ამ გამოცემის დაბადებაზე. ბიბლიოთეკაში რამდენიმე თვეში ქალბატონი რუსუდან მოსიძე გვეწვია- გამომცემლობა „ბაკმის“ თანადამფუძნებელი  . პროექტი არ გაჩერდებაო! მაგრამ დააფინანსებს სახელმწიფოო?

რამდენიმე დღეში მიწვეული ვიყავი კულტურის სამინისტროში ერთი ბრწყინვალე გამოცემის პრეზენტაციაზე, პრეზენტაციაზე გამოვიდა წიგნის ავტორი და თქვა, რომ  ქალბატონმა თეა წულუკიანმა პირადი მხარდაჭერით შეძლო ჩემი ოცნების ასრულებაო. დასრულდა ეს პრეზენტაცია და მივედი მინისტრთან.

ვუთხარი, რომ საქართველო ელოდება გურამიშვილის ექსკლუზიურ გამოცემას. ჩავირთე და რა ჩავირთე. რომ დავამთავრე ეს ტექსტი და შევხედე მინისტრს, მივხვდი, რომ მგონი შედეგი არის! არიიის! მის თვალებში რაღაც ბრწყინავდა და ეღიმებოდა! შემოიტანეთ პროექტიო. მე მხარს დავუჭერო!

აი, ქართველო ერო, მე არასოდეს დამავიწყდება ძველი მინისტრის(გიორგაძის) ყინულოვანი თვალები, როცა მას ნიკოლოზ ბარათაშვილის იუბილის დღეებში მივმართე. რომ გამოვდიოდი მისი ოთახიდან, მიყურებდა როგორც არანორმალურს!

აბა, როგორ არ ვიყვირო, რომ ქალბატონმა თეამ ამ თმებგაჩეჩილი და იდეალისტი კაცის ბჟუტურში ის ჭეშმარიტების მარცვალი დაინახა, რომელიც შემდგომ ამ ბრწყინვალე გამოცემად აქცია. მე არასოდეს დამავიწყდება ამ წიგნის ჩასახვისა და მშობიარობის ამბები.

პირდაპირ ვიტყვი – რომ არა  რუსუდან მოსიძე, ეს წიგნი არაფრად ივარგებდა. ა რ ა ფ რ ა დ !

თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რა ძნელია ფოტოტიპური გამოცემის მომზადება. ეს არის ძაღლუმადური შრომა, რომელსაც მხოლოდ ერთეული ადამიანი დაინახავს. მკითხველთა დიდი ნაწილი ვერც მიხვდება, რა პროფესიონალიზმი სჭირდება ფოტოტიპიური გამოცემის მომზადებას.

აჰა! დაიბეჭდა! გურამიშვილის ხელნაწერი რჩეულ 600 ოჯახში  იქნება. მხოლოდ 600 ეგზემპლარია დაბეჭდილი. მოოქროვილი, ტყავის ყდაში!

ერთიც: ეს გამოცემა დარჩება ამ საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად! დღეისათვის კი საუკეთესოა! არ ვიცი, მისი სწორი საკრალურობის თვალსაზრისით რა უნდა იყოს! მწერლის შედევრის ავტოგრაფი ერთადერთ გამოცემაში!

რა არის კიდევ ხაზგასასმელი: ეს ხელნაწერი უკვდავი გახდა, რადგან საუკუნეების შემდეგ მისი ასლები უზრუნველყოფენ ორიგინალის მარადიულობას! ამ ხელნაწერს რომ, ღმერთმა ნუ ქნას, რაიმე მოუვიდეს., არსებობს მისი 600 ასლი. რომლებიც მსოფლიოს ყველა ცნობილ ბიბლიოთეკაში გაიგზავნება!

ასეთ ბრწყინვალე პროექტს გამომცემლობა „ბაკმი“ თუ შეძლებდა და რომ არა ჩემთვის ძვირფასი ქალბატონის მხარდაჭერა, ეს პროექტი კვლავ პროექტად დარჩებოდა!“ – წერს ლევან თაქთაქიშვილი.

ასევე იხილეთ