2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეოს აღწერის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. შესაბამისად თვითრეგისტრაციის პლატფორმა 23 ნოემბრის ნაცვლად 28 ნოემბერს დაიხურება.
თვითრეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების მიზეზი მოსახლეობის მხრიდან მაღალი აქტივობა და მოთხოვნაა. თვითრეგისტრაციის მეთოდით უკვე ისარგებლა ათეულობით ათასმა მოქალაქემ, პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ახლაც და მათი რაოდენობა მზარდია.
ამიტომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქსტატმა მიიღო გადაწყვეტილება, აღწერის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი კიდევ ხუთი დღით – 28 ნოემბრის ჩათვლით გააგრძელოს.
მონაცემთა შეგროვება 14 ნოემბერს, სწორედ თვითრეგისტრაციის მეთოდით დაიწყო.
თვითრეგისტრაციის დროს რესპონდენტები აღწერის კითხვარს დამოუკიდებლად, საქსტატის ინტერვიუერების გარეშე, კომპიუტერის/პლანშეტის/სმარტფონის მეშვეობით ელექტრონულად ავსებენ მათთვის სასურველ დროსა და ადგილზე. კითხვარი განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე https://census2024.geostat.ge/ka. აღნიშნული მეთოდი ხელსაყრელია იმ რესპონდენტებისთვის, რომელთაც არ სურთ ინტერვიუერის სახლში სტუმრობა ან/და არ აქვთ საკმარისი დრო პირისპირ ინტერვიუსთვის. ელექტრონული კითხვარის შევსების შემდეგ რესპონდენტები მიიღებენ სპეციალურ კოდს, რომელიც უნდა წარუდგინონ მათთან მისულ საქსტატის ინტერვიუერს, აღწერაში მონაწილეობის დასადასტურებლად.
თვითრეგისტრაციის დასრულების შემდეგ კი 29 ნოემბრიდან – 19 დეკემბრის ჩათვლით, მონაცემები შეგროვდება საქსტატის 12 000-მდე ინტერვიუერის მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.
მოსახლეობის აღწერასთან ერთად მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო აღწერაც. სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით, შეგროვდება ინფორმაცია ოჯახების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის, ოჯახების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შესახებ, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტების, ტერიტორიული ერთეულების და სოფლების დონეზე.
საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე (რომლებიც საქართველოში დარჩენას გეგმავენ 12 თვეზე მეტხანს) და მოქალაქეობის არმქონე პირი (რომლებიც საქართველოში დარჩენას გეგმავენ 12 თვეზე მეტხანს) ვალდებულია, გაიაროს აღწერა.
,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლების შესაბამისად ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას. რესპონდენტის შესახებ ინდივიდუალური მონაცემები ინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ. ასევე სასოფლო–სამეურნეო კომპონენტის მეშვეობით, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.
აღწერის წინასწარი შედეგები ქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო – 2026 წლის ივნისში.