leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო კვაჭანტირაძე: რად უნდა მობოდიშებას დრო და კვირეული, თუკი მიხვდები, რომ ვინმეს გული ატკინე, ან დაუმსახურებლად მოექეცი?!

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

საბოდიშო, შენდობის კვირააო, ჰოო, ბოდიშს რომ დააგდებენ , გაივლიან და მეორე წუთას იგივე სისულელეს აკეთებენ, ასეთი ბოდიში რა ბედენაა?

გოგოებო და ბიჭებო!

ერთი კარგი,  დავიწყებული ტრადიციის შესახებ წელსაც  მინდა მოგიყვეთ, ერთხელ  დედაჩემმა გაიხსენა- გურიაში, როცა ადამიანს ვინმესთან უსიამოვნება შეემთხვეოდა ან რაიმე მიზეზის გამო თავს დამნაშავედ იგრძნობდა, ადგებოდა და საბოდიშოს გაამზადებდა – სახლში რაც რამ კარგი ებადათ, კალათში ჩაალაგებდა, შეიძლება, განსაკუთრებული ღვეზელი გამოეცხოთ, ან ხაჭაპური და კეცის მჭადი, მოკლედ, კალათს გაახაზირებდნენ” და  იმ ოჯახს ესტუმრებოდნენ, ვისი წყენის და გულისტკივილის მიზეზიც იყვნენ. ჰოდა, ამ საბოდიშო კალათს მეორე მხარე მიიღებდა, სუფრა გაიშლებოდა, ღვინოს მასპინძელი დაასხამდა და იქვე, ყველაფერი გარკოული” იყო. ეს ნაამბობი გურულების ჯგუფში დავწერე, ბევრი გამომეხმაურა, რომ  ნამდვილად ახსოვდათ, ზოგმა დაწერა, რომ ასეთი კალათის წაღების მონაწილეც კი ყოფილა, დამიდასტურა ირაკლი მახარაძემ, რომ მამიდებისგან გაუგონია ამ ტრადიციის შესახებ, ზურა შევარდნაძემ კი მომწერა, ბაბუასგან სმენოდა ერთხელ, როცა ძროხას მეზობლის მანქანამ დაარტყა, ბაბუა ბრაზობდა, გავარჩიოთ მაი საქმე და  მე თუ გავმტყუნდები, საბოდიშოს ვიკისრებო. გოჩა მეგრელიშვილმაც მოიგონა იყო მაგფერი ტრადიცია…

 ერთხელ ბებიაჩემი მსგავს კალათას რომ ამზადებდა, მითხრა: – ბებია, იი კი არ უნდა ათქმევიოფასონიზა” შემირიგდაო, ყორისფელი  სულით და გულით, ხარისხიანი და საუკეთესო უნდა ჩაუალაგოოო… დედაჩემმა კი მითხრა, რომ ასეთი კალათის მომტანიც ახსოვს და წამღებიც: – ბაბუაჩემი პაწა ყიამყრალი კაცი იყო და ერთხელ ბებია საყვედურობდა – ბარნაბა, არ ხარ შენ ახლა ამ მეზობელთან მართალი და გირჩონია, საბოდიშო გაახაზიროო.

მოკლედ, ფაქტია, გურიაში არსებობდა ეს კარგი ტრადიცია და კაცმა არ იცის, რატომ დაივიწყეს, იქნებ ბოდიშის მოხდას გადაეჩვია ადამიანი , იქნებ თავის მართლება უფრო ადვილია, ვიდრე  დანაშაულის აღიარება? რად უნდა მობოდიშებას დრო და კვირეული, თუკი მიხვდები, რომ ვინმეს გული ატკინე, ან დაუმსახურებლად მოექეცი?!

შენდობის კვირააო და მე რისი შემნდობი ვარ, ღმერთმა შეგინდოთ, მე სიამოვნებით გავამზადებდი ერთ-ორ საბოდიშო კალათს…

პ.ს. ჰოდა. მთავარი დამავიწყდა, ამ სუფრაზე არ განიხილავდნენ ძველ წყენებს, ერთ სიტყვას არ იტყოდნენ სადაოს და საჩოთიროს, ჭიქის მიჭახუნება იყო პატიებაც, შერიგებაც და მომავალი ურთიერთობის  ნიშანიც!!!

გაუმარჯოს  ტოლერანტულ  საქართველოს!“ – წერს ნინო კვაჭანტირაძე.

ასევე იხილეთ