თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, საკრებულოს სხდომაზე გამოსვლისას ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს რეფერენდუმი უწოდა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობით გადაწყდა, რომ ჩვენი ერი და კულტურა სუვერენული უნდა იყოს, რომ ჩვენმა ერმა საკუთარი ბედი თავად უნდა განკარგოს.
„მინდა ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოგილოცოთ. ეს იყო რეფერენდუმი, რომელზეც გადაწყდა, რომ უნდა განვთავისუფლდეთ ისეთი გავლენებისგან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი ბედი ჩვენვე უნდა განვკარგოთ“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ე.წ. ტოპტვინები პოლიტიკურ ჯგუფებთან და გზააბნეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ცდილობენ ჩატარებული არჩევნები გაყალბებულად გაყიდონ.
„დიდი გულისტკივილით ვუყურებ, თუ რა ხდება თბილისში. პოლიტიკური ჯგუფები გზააბნეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ცდილობენ აღმოაჩინონ არჩევნების გაყალბების რაიმე საბუთიც მაინც, თუმცა ვერ პოულობენ, ვინაიდან ასეთი რამ არ არსებობს.
ეს აღნიშნულია კიდეც რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ ოზვიაკის სტატიაში. ის აცხადებს, რომ პოლიტიკური ლიდერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათი არგუმენტები დამაჯერებელი არ არის“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამსახურებულად და სამართლიანად გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და უმცირესობის წევრები „რაც უფრო მალე შეეგუებიან ამას, მით უფრო მალე დაიწყება კონსტრუქციული პროცესები“.