ესპანური ბარსელონას 29 წლის მცველი ჟოაო კანსელო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში იტალიურ ნაპოლისთან განმეორებით მატჩს გამოეხმაურა და მეტოქის ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
“კვარაცხელია და ოსიმენი გამორჩეული ტალანტები არიან. ოსიმენს პირველ მატჩში ალბათ ერთადერთი ნახევარმომენტი შეექმნა და გოლის გატანა მაინც მოახერხა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. სხვა საქმეა, რომ საფრთხეს მხოლოდ ამ ორი ფეხბურთელისგან არ უნდა ველოდეთ. ძალიან კარგ ფორმაშია პოლიტანო, ლობოტკას წინააღმდეგ კი პორტუგალიის ნაკრების მაისურით მითამაშია და ვიცი, რამხელა სამუშაოს შესრულება შეუძლია”.
პორტუგალიელი კანსელო ბარსელონაში ერთწლიანი იჯარით გამოდის. ფეხბურთელს მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა ცნობილია, რომ ხოსეპ გვარდიოლა მასზე იმედებს არ ამყარებს, ამდენად, ბარსაში ჟოაოს გამოსყიდვას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონასა და ნაპოლის პირველი თამაში იტალიაში 1:1 დასრულდა (ჟოაო კანსელომ მარცხენა მცველის პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა), საპასუხო მატჩს კი 12 მარტს 23:55 საათიდან ესტადიო მონტჟუიკი უმასპინძლებს.