რესპუბლიკელი კონგრესმენი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი მაიკ უოლცი რუსეთ-უკრაინის ომს პირველ მსოფლიო ომს, სანგრების ომს ადარებს და ამტკიცებს, რომ კონფლიქტი უნდა შეწყდეს. ამის შესახებ მან „ფოქს ნიუს სანდეის“ ეთერში განაცხადა.
უოლცმა ასევე ისაუბრა ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკრაინას ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების უფლებას მისცემს. უოლცმა აღნიშნა, რომ ეს არის „ჭკვიანი ნაღმები“, თუმცა მისივე თქმით, გადაწყვეტილება უფრო ფართო ჩარჩოებში უნდა იყოს მიღებული, რათა ამ კონფლიქტს ბოლო მოეღოს.
„ეს ადამიანებისა და ტექნიკის ხორცსაკეპია ამ ფრონტზე. ეს უფრო პირველი მსოფლიო ომის დროინდელ სანგრების ომს ჰგავს. პრეზიდენტი ტრამპი უკიდურესად შეშფოთებულია სისხლიანი ხოცვა-ჟლეტით, რაც იქ ხდება“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ დროა, მშვიდობა დაამყარონ, რაშიც ევროპელებმა აუცილებლად უნდა შეასრულონ მთავარი როლი.
კითხვაზე, თუ რატომ არ განიხილავს ტრამპი ხშირად საჯაროდ უკრაინაში არსებულ სიტუაციას, უოლცმა თქვა, რომ ახალი პრეზიდენტი შეშფოთებულია ესკალაციით და იმით, თუ საით მიდის ეს ყველაფერი.
„ჩვენ ეს უნდა მივიყვანოთ პასუხისმგებლიან დასასრულამდე. ჩვენ გვჭირდება შეკავების პოლიტიკის აღდგენა, მშვიდობის დამყარება“, – განაცხადა უოლცმა.