გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერულითანასწორობის საბჭოს ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა.
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას ტრადიციულად წელსაც უერთდება.
თბილისის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ქალთა უფლებების დაცვა საზოგადოების კონსოლიდაციას და აქტიურ კამპანიას საჭიროებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასასრულებლად.
მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან და თბილისის კრიზისულ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში საჯარო და კერძო უწყებების ჩართულობით არაერთი აქტივობა დაგეგმა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.