„ძალადობაზე თქვენ ნუ ლაპარაკობთ”, – ასე მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს.
ხატია დეკანოიძემ ვაჟა სირაძეს ჰკითხა, რატომ იდგა აქციაზე ნიღბიანი ხალხი.
ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ ზოგიერთ პოლიციელეს სიცივის გამო უკეთია ნიღაბი.
„ა, ცივა? გოგოებზე რომ ძალადობენ?“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ, რის პასუხადაც ვაჟა სირაძემ დეკანოიძეს უთხრა, რომ ძალადობაზე მან არ უნდა ისაუბროს.
მანამდე, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ითხოვდნენ, აქციის მონაწილეთა სატრანსპორტო საშუალებებს მისცემოდათ რუსთაველის გამზირზე გადაადგილების საშუალება. ვაჟა სირაძემ მათ განუმარტა, რომ დაკეტილ ქუჩაზე, სადაც მოქალაქეები ფეხით დადიან, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოხდა ავტომობილების კოლონის გადაადგილების შეზღუდვა.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს საქართველოს პარლამენტთან, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მე-11 მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.