leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: საქართველოსთან მიმართებით დავით არახამიას განცხადებები აცდენილია უკრაინელი ხალხის განწყობებსა და დამოკიდებულებას 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიასა და უკრაინელი ხალხის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით სრულიად განსხვავებულია.

“უკრაინაში ყველას გვყავს კარგი მეგობრები და ნაცნობები. მინდა გითხრათ, რომ არახამიას განცხადებები აბსოლუტურად აცილებულია უკრაინელი ხალხის ,საზოგადოების განწყობებსა და დამოკიდებულებას საქართველოსთან და ქართველებთან მიმართებით. საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად, რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს. არახამია და პოლიტიკოსების ის ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა საქართველოს მიმართ უსამართლო და აგრესიული განცხადებებით, გამოხატავენ ისეთ პოზიციას, რომელიც არც ჩვენი ქვეყნებისა და არც ხალხების მეგობრობას არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, ახლა როდესაც უკრაინა ძალიან მძიმე ომშია, იცავს თავისუფლებას, სუვერენიტეტსა და საკუთარ ტერიტორიებს, ჩვენ არ ვაპირებთ, უფრო მეტად შევიდეთ ამ საკითხში. პირიქით, გამოვხატავთ კიდევ ერთხელ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს მიერ სხვა გასამართლებულ დამნაშავეებს, რომელიც რატომღაც, ჯერჯერობით, უკრაინის საზოგადოებისთვის გაუგებარი ინტერესების გამო, დავით არახამიამ და მისმა მეგობრებმა შეარჩიეს არაერთ საერთაშორისო ფორმატში, არაერთ თანამდებობაზე უკრაინის წარმომადგენლებად, რა შედეგი და სიკეთე უნდა მოუტანონ ამ ადამიანებმა უკრაინას, როდესაც საკუთარ ქვეყანას წლების განმავლობაში მხოლოდ უბედურება, ადამიანის უფლებების დარღვევა და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის და ავტორიტეტის უკიდურესი დაზიანება მოუტანეს. დარწმუნებული ვარ, ეს ბევრისთვის უკრაინაში ჯერჯერობით გაუგებარია, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ პირდაპირ ვსვამთ კითხვებს, რა არის ის მოტივაცია და რა ინტერესები დგას ამ გადაწყვეტილებები უკან”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

„ვიმედოვნებთ, უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

ასევე იხილეთ