„ჩემი გამოსვლის მთავარი მიზანია, მხარდაჭერა გამოვუცხადო ბატონ შალვას. ფორმალობაც და რეალობაც მოითხოვს, რომ შალვა პაპუაშვილს უმრავლესობის სახელით ნდობა გამოვუცხადო. მისი განვლილი საქმიანობა ამის სრულ საფუძველს გვაძლევს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შალვა პაპუაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც დაიმსახურა არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ ყველა ობიექტური ადამიანის ნდობა და, ბუნებრივია, საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურის დასახელებისას.
მამუკა მდინარაძემ ყურადღება ასევე გაამახვილა ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს ნდობისთვის.
„პირველ რიგში, მსურს, ყველა ამომრჩეველს გადავუხადო დიდი მადლობა ნდობისთვის. მართლაც რთულია, ნდობა მოიპოვო მეოთხე ჯერზე და საზოგადოებამ მოგცეს მანდატი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ემსახურო სამშობლოს. მსურს მადლობა გადავუხადო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც ობიექტურად, ზედმიწევნით სწორად ჩაატარა საარჩევნო პროცედურები. ვიღაც უფასებს ამას, ვიღაც – არა, მაგრამ ყველა ობიექტურმა ადამიანმა, ზოგმა ჩვენმა ოპონენტმაც კი ძალიან კარგად იცის, რომ არათუ ყბადაღებული, მოგონილი 300 ათასი, არამედ 300 ხმის გაყალბების მტკიცებულებაც ვერ დადეს. ვერ დადებდნენ, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მამუკა მდინარაძემ მადლობა ასევე გადაუხადა მთავრობის შემადგენლობას, საჯარო მოხელეებს და მედიას.
„მსურს, ვისარგებლო ასევე შემთხვევით და პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ასე თამამად, ამაყად ვთქვათ – ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით! ბატონი ბიძინას მეშვეობით, ჩვენ გვაქვს იმის მყარი საშუალება, რომ ეროვნულ ინტერესებს ვემსახუროთ ისე, როგორც ეს 2011-2012 წლებიდან დაიწყო და ასეც გაგრძელდება. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქამდე იქნება, ვიდრე ეროვნული ძალები არ მოვლენ ოპოზიციაში. ჩვენ ვიზრუნებთ ქართული ოცნების ასრულებაზე და იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ერთად. როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენთვის მაგალითია ასეთი დამოკიდებულება, რომ ქართველი ხალხია ამოსავალი წერტილი, საკუთარი სამშობლოა ამოსავალი. ამ მთავარი ფაქტორიდან გამომდინარე, მოხარულები ვართ და ყველას სახელით ქართველ ხალხს, ნებისმიერ ამომრჩეველს, ერთ ადამიანსაც კი ვინც მხარი დაგვიჭირა და ნდობა გამოგვიცხადა, უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადოთ. შესაბამისად, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, ვემსახურებით იმ მიზნებს, რაც გაცხადებული იყო ჩვენს სლოგანში – „მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ“ ჩვენი გაერთიანებული ქვეყნისათვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.