leaderboard_below_slide
left_sabechdi

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდება

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდება. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი შეთანხმების დასამტკიცებლად 26 ნოემბერს შეიკრიბება. შეთანხმების ტექსტი დღეს დასრულდა.

ისრაელის მედია ასევე წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. გავრცელებული ცნობით, ისრაელის არმიამ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ არმიამ მიაღწია დასახულ მიზნებს, საზღვრის გასწვრივ „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურებას და ჩრდილოეთ ისრაელში შეტევის შესაძლებლობის აღმოფხვრას, ასევე „ჰეზბოლას“ სარაკეტო არსენალის მკვეთრად შემცირებით.

პარალელურად, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ლიბანში დაიბომბა 25 სამიზნე ობიექტი, რომელსაც „ჰეზბოლას“ წევრები იყენებდნენ. ისრაელის არმიის სამიზნე გახდა ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიბანის ქალაქ ტვიროსში ისრაელის დაბომბვას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

პარალელურად, ლიბანიდან „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 340 რაკეტა გაუშვა, რაც არის ყველაზე დიდი თავდასხმა ომის დაწყების შემდეგ. სარაკეტო შეტევის შედეგად ისრაელში 11 ადამიანი დაშავდა.

ასევე იხილეთ