აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ორი საქმე შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
საუბარია საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოყენებისა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეებზე.
გასული წლის 13 ივნისს ტრამპს ბრალი წაუყენეს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე. დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს.
გასული წლის აგვისტოს ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.
იუსტიციის დეპარტამენტმა ტრამპს ბრალი წაუყენა შემდეგი ოთხი მუხლით:
- შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით არაკეთილსინდისიერების, თაღლითობისა და მოტყუების გამოყენების გზით, რათა ხელი შეშლოდა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეგროვების, დათვლისა და დამოწმების პროცესს.
- შეთქმულება 6 იანვრის კონგრესის სხდომის შეფერხების მიზნით, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შეგროვებული შედეგების დათვლა და დამოწმება ხდება.
- შეთქმულება ხმის მიცემის უფლებისა და ხმის დათვლის წინააღმდეგ.
- საარჩევნო ხმის დამოწმებისთვის ხელის შეშლა და ხელის შეშლის მცდელობა.