იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში ნაპოლიმ რომა რომელუ ლუკაკუს გოლით 1:0 დაამარცხა.
ნეაპოლელთა ერთადერთი საგოლე შეტევა ხვიჩა კვარაცხელიამ წამოიწყო. კვარა ანტონიო კონტემ 66-ე წუთზე შეცვალა, რასაც ქართველის უკმაყოფილება მოჰყვა.
მატჩის შემდეგ Sky Sport-ის პირდაპირ ეთერში კონტეს ჰკითხეს ხვიჩას შეცვლის მიზეზი, რასაც შემდეგნაირად უპასუხა:
„ჩემი აზრით, კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა, ერთ-ერთი საუკეთესო ტაიმი ჰქონდა, რაც მე ნაპოლიში ვარ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ეროვნული ნაკრებიდან ცოტა კუნთების დაღლილობით დაბრუნდა. მან ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა პირველ ტაიმში, შემდეგ მეორე ნახევარში განსხვავებული სიტუაციები იყო. ყოველთვის გუნდისთვის და ფეხბურთელისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას ვცდილობ, არ მინდოდა გარისკვა. თანაც, სკამზე ნერეში მყავდა, რომელიც კარგად ვარჯიშობს და მისით კმაყოფილები ვართ. კვარას პირველი ტაიმითაც კმაყოფილი ვარ, შეეძლო გოლის გატანაც”, – აღნიშნა კონტემ.