leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: იმედს გამოვთქვამთ, რომ უსამშობლო და კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი საქართველოს მეტი აღარასდროს ეყოლება – საქართველოს მომავალს სჭირდება პროფესიონალი, საკუთარი ქვეყნისადმი პატრიოტულად გამსჭვალული ადამიანი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და რა უნდა იყოს მისი ღირებულებები. დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება ძალიან კარგი და ის აუცილებლად გაიმარჯვებს.

„პრეზიდენტის საკითხი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. საქართველოს ისტორიაში პირველი პრეცედენტია, როდესაც საყოველთაო სახალხო წესით არ მოხდება პრეზიდენტის არჩევა. ეს არის ამერიკული მოდელი, ეს არის ბევრ ქვეყანაში გავრცელებული და მიღებული მოდელი და გამორჩეულად საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის მოდელი, როდესაც პრეზიდენტი საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში არის ძალიან შეზღუდული. საპარლამენტო რესპუბლიკაში უფრო სწორი და მიღებულია, როდესაც პარლამენტისა და თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმომადგენელი დელეგატების მიერ ხდება პრეზიდენტის არჩევა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ უსამშობლო და კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი საქართველოს მეტი აღარასდროს ეყოლება. საქართველოს მომავალს სჭირდება პროფესიონალი, საკუთარი ქვეყნისადმი პატრიოტულად გამსჭვალული, საკუთარი ტრადიციების, ხალხის, წეს-ჩვეულების მიმდევარი და მოყვარული ადამიანი, რომელიც იქნება გამომხატველი არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ სრულიად საქართველოს ინტერესის“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ამერიკული მოდელით პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ინაუგურაცია კი – 29 დეკემბერს.

ასევე იხილეთ