პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.
„მე პრეზიდენტებისა მეშინია!
***
ერთი ზვიად გამსახურდიასი არ მეშინოდა, მაგრამ მხოლოდ 7 თვე გააჩერეს. შევარდნაძემ რო დაინიშნა საკუთარი თავი პრეზიდენტად, მაშინაც შემეშინდა. ალბათ ხვდებით, რატომაც – განხილვაში არ შევდივარ. შევარდნაძემ რო თქვა, წავედი სახლშიო, სახტად დავრჩი და როცა მიხა შევარდა პარლამენტის შენობაში ჩაის დასალევად, დავიბენი. მერე რაც მოხდა, ამან შემაშინა.
***
მეგონა, 2012-ში ჩემ შიშიანობას წერტილი დაესმებოდა. თურმე სადა ვბანაობდი? მოვიდა ერთი ბეყე და ეგრევე შევარდა ძაან ხარჯიან სასახლეში. არადა, ფიცი ჰქონდა დადებული, მანდ ჩემი ფეხი არ იქნებაო. ოთხი წელიწადი იდო… ჰოდა, ადო და ადო ვეტოები ყველა გადაწყვეტილებას. იწყალა და იწყალა თავისი სიძის ძმაკაცები, გამოყარა და გამოყარა ციხეებიდან „ნარკუშები“. მეტი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ სულ მეშინოდა, ემანდ ქვეყნისთვის სერიოზული არაფერი დაეშავებინა. იმ ეტაპზე, ასე თუ ისე, გადავრჩით.
***
შემდეგ კი… რა, შემდეგ? ყველაფერი ხომ ჩემზე უკეთესად დაინახეთ და შეამჩნიეთ?
ერთი ეგ არი, ამ ყვავის აღზევებაში მეც მიმიძღვის წვლილი. როცა ლამის პირველი ტური წააგო, ჩემ მშობლიურ სიღნაღის რაიონში გავვარდი და სოფელ-სოფელ ვირბინე, რომ მოეგო.
ახლა, მე რომ საქმეში ჩავერიე, როგორ ფიქრობთ, არ მოიგებდა?
***
ყვავმა ყველას „აჯობა“!
მარტო ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ კი არა, მთელ ქვეყანას მტრად მოეკიდა და ჯერაც არ გაჩერებულა, ხუთი პარასკევიღა დარჩა და სულ მცირე, ხუთ კრეტინობას კიდე ჩაიდენს. გამოგიტყდებით, ამ „მართმადიანმა“ დედაკაცმა ყველაზე მეტად შემაშინა!
***
მივმართავ მიხეილ ყაველაშვილს:
მე პრეზიდენტებისა პიროვნულად კი არ მეშინია, მხოლოდ იმაზე ვღელავ, ქვეყანას არაფერი დაუშავდეს. ამას არ ვამბობ სადღეგრძელოდ, დღეს ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯიც საკმარისია, ეს პატარა, მაგრამ ბრილიანტი ქვეყანა მიწასთან გასწორდეს.
ვიმედოვნებ, ჩემ და არა მხოლოდ ჩემ შიშს წერტილს დაუსვამ. მინდა, ის დაძაბულობა, რასაც წლების განმავლობაში განვიცდით, გააქარწყლო და გააბათილო. ზვიად გამსახურდიას შემდეგ ამ თანამდებობაზე კაცი, როგორც ასეთი, აღარ ყოფილა. ახლა ვნახოთ, როგორი კაცი გამოდგები და როგორ დაიცავ ქვეყანას.
***
უკვე დაიწყო შემოტევები, უფრო მეტი იქნება. ე.წ. ბულინგსაც მოუმატებენ, უამრავ გიჟობას გამოავლენენ, ბევრ სიბინძურეს მოიგონებენ, ბევრ „დანოსს“ გააგზავნიან ევროკავშირსა თუ აშშ-ში, აგენტობასაც შემოგთავაზებენ, მაგრამ უნდა გაუძლო. სხვანაირად შიშს ვერ გაგვიფანტავ.
წარმატებები, მეგობარო, გახსოვდეს, შენს უკან საქართველოა!“ – წერს გელა ზედელაშვილი.