სოზარ სუბარი: მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყინულმჭრელის როლი შეასრულა, ყველგან წინ იყო, სადაც ეროვნული ღირსებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის იყო ბრძოლა
“მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყინულმჭრელის როლი შეასრულა, ყველგან წინ იყო, სადაც ეროვნული ღირსებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის იყო ბრძოლა”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.
„მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყინულმჭრელის როლი შეასრულა, ყველგან წინ იყო, სადაც ეროვნული ღირსებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის იყო ბრძოლა. ეროვნული ღირსების, ეროვნული სიამაყის გრძნობა ძალიან მიჩქმალული იყო და ამას თავისი ისტორია ჰქონდა – 90-იან წლებში გადატანილი უბედურებები, 2008 წლის ომი, მიხეილ სააკაშვილის მმართველობა, როდესაც ადამიანებს ხმის ამოღების ეშინოდათ, იყო უამრავი ჩაცხრილული ახალგაზრდა. ეს ეროვნული სიამაყის გრძნობა თითქოს, იყო მიჩქმალული და სწორედ მიხეილ ყაველაშვილი არის ის ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ყინულმჭრელის როლი შეასრულა.
განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს გახდა ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს აგენტურა, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში არის ჩაბუდებული, ცდილობდა, რომ ქართული, ეს ჩვენი ცოტა ფიცხი ხასიათი გამოეყენებინა იმაში, რომ „აბა, როდესაც უკრაინაში ომია, სად ხართ ქართველებო“ და აეგდო მთელი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა იმისთვის, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო საქართველოში. ამას ითხოვს ჩვენგან დასავლეთი, ამას ითხოვენ დასავლელი პარტნიორები. ამ დროს ეროვნული ინტერესები უკანა პლანზე უნდა ყოფილიყო. ყაველაშვილი იყო პირველი ყველა ამ ბრძოლაში, რომელმაც დიდი როლი შეასრულა სუვერენიტეტის დაცვისთვის და ეროვნული ღირსების დაბრუნებაში“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.