დავით ქართველიშვილი: მიხეილ ყაველაშვილი იმ პოლიტიკური გუნდის წევრია, რომელიც მოკლე ვადაში ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ლაბორატორიად და შეძლო „ხალხის ძალის“ წევრი პრეზიდენტის რანგში წარედგინა
„მიხეილ ყაველაშვილს აქვს შანსი, მოჯადოებული წრიდან გამოიყვანოს პრეზიდენტის ინსტიტუტი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და დასძინა, რომ დღეს საქართველოს აქვს შანსი, ყოველგვარი ფანატიზმის გარეშე აირჩიოს მეექვსე პრეზიდენტი.
მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილი იმ პოლიტიკური გუნდის წევრია, რომელმაც მოკლე ვადაში შეძლო, პრეზიდენტის რანგში წარედგინა გუნდის წევრი.
„მიხეილ ყაველაშვილს აქვს შანსი, მოჯადოებული წრიდან გამოიყვანოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. გამოიყვანოს იმ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტის არჩევის დროს ჩაეყარა. მას რვა თვეში მოუწყვეს გადატრიალება, გაუშვეს ტყეში, სადაც მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, თუ მოკლეს, ახლა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შემდგომ იგივე საზოგადოება ყვავილებით ხელში დახვდა შევარდნაძეს. მოგვიანებით კი ის პრეზიდენტის სავარძლიდან ვარდებით ხელში გააცილეს სახლში. ამის შემდეგ სამგზის ზედიზედ ჩაგვიდეს უცხო ქვეყნებისა და ძალების მიერ მართული აგენტები, სხვათა შორის ერთი რამდენჯერმე. ახლა საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, პრეზიდენტად აირჩიოს ადამიანი, რომელიც განსახიერებაა პატიოსნების, ქართველობის და ამ ქართველობაში შეიძლება ემოციურიც იყოს, რაშიც უფრო ქართველობა ჩანს, ვიდრე უხეშობა და სიხისტე. სიხისტეს თავის დროზე უწუნებდნენ ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ ყველამ ვიცით, როგორი ერთგული პატრიოტი იყო ის თავისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში. მიხეილ ყაველაშვილიც არანაკლებად ერთგული, უღალატო ადამიანი იქნება პრეზიდენტის რანგში. რა შეიძლება, დაუწუნო ადამიანს, რომლის მიმართაც არ არის კომპრომატი, არც პირად ცხოვრებასთან და არც პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. ის არის პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაუწყო ძალიან უხერხული შეკითხვების დასმა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს, კელი დეგნანს, რამაც აღაშფოთა ეს ქალბატონი. შეკითხვებს პასუხი არ გაეცა. ის უბრალოდ მიხეილ ყაველაშვილში ვერ ხედავდა ვერც ქართველს, ვერც ქართველ პოლიტიკოსს და ვერც დეპუტატს. ახლა კი კარგად გამოჩნდა, სად არის დღეს კელი დეგნანი და სად იქნება ხვალ მიხეილ ყაველაშვილი.
მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილი არის ზუსტად იმ პოლიტიკური გუნდის – „ხალხის ძალის“ წევრი, რომელიც მოკლე ვადაში ჩამოყალიბდა, იმ პოლიტიკურ ლაბორატორიად, რომელმაც უკვე დღეს შეძლო, მისი გუნდის წევრი წარადგინოს პრეზიდენტის რანგში.
რაც ყველაზე მთავარია, დღეს გვეძლევა შესაძლებლობა, ფანატიზმის გარეშე ავირჩიოთ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.