შალვა პაპუაშვილი: მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე ოპონენტების პანიკური რეაქცია დასტურია, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო
„ოპონენტების რეაქცია არის დასტური, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სწორი არჩევანი გააკეთა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება – ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება.
„როგორც იცით, წელს პირველად მოხდება პრეზიდენტის არჩევა ამერიკული ტიპის არჩევნებით, კერძოდ, კოლეგიის მიერ, რომლის ნახევარსაც დააკომპლექტებს საქართველოს პარლამენტი. პარლამენტის საქმეც აქ მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ ეს პოლიტიკური გუნდის ერთგული გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილს, მგონი, ოპონენტების რეაქცია ყველაზე კარგი დასტურია, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. ნახეთ მათი პანიკური რეაქციები, შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. გასაგებია, რომ ჩვენ „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების მოსაწონი კანდიდატი არც გვეყოლება და არც უნდა გვყოლოდა. მათი რეაქცია დასტურია, რომ ზუსტად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და მიზანში გავარტყით იმ მხრივ, რომ ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება. ეს თვისება, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩვენს წინა სამ პრეზიდენტს არ ჰქონდა, ეს არის ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი თავისი განვლილი ცხოვრებით ადასტურებს, რომ ამ პოზიციაზე ღირსეული კანდიდატია.
„ერთი მხრივ, მას აქვს წარმატებული სპორტული კარიერა და მეორე მხრივ, წარმატებული პოლიტიკური კარიერა. რვა წელია, აქტიურ პოლიტიკაშია, არის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი, პოლიტიკური მოღვაწე და პარლამენტის წევრი. ბოლო 20 წელია, ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო იმ რეჟიმის წინააღმდეგ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, დღევანდელი დღის ჩათვლით აკეთებდა ყველაფერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაცობა“, როგორც იდეოლოგია, არასდროს მობრუნებულიყო ქვეყანაში და არ დაეტრიალებინათ ის კოშმარი, რომლითაც ყოველ ჯერზე ემუქრებიან ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.