leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, 30% იყო ეს მაჩვენებელი 2012 წელს, 2023 წლის მონაცემებით, სიღარიბე უკვე შემცირდა 11.8%-მდე, გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და ჩვენი ამოცანაა, რომ 2028 წელს სიღარიბე ჩამოსცდეს 4%-ს

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება სიღარიბის შემცირებაზე და მმართველ გუნდს აქვს ძალიან ამბიციური მიზნები ამ მიმართულებით, არსებული პოზიტიური ტენდენციების გათვალისწინებით.

„ეკონომიკური ზრდა, ბუნებრივია, პირდაპირ აისახება სიღარიბის შემცირებაზე. აქაც გვაქვს ამბიციური მიზნები. საქართველოში 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს. გახსოვთ, მათ ტელევიზიებში როგორ იყო წარმოჩენილი რეალობა, იყო ვირტუალური სინამდვილე, რეალურად კი ხდებოდა ეს – 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, 30% იყო სიღარიბე საქართველოში 2012 წელს.

2023 წლის მონაცემებით, სიღარიბე  უკვე შემცირდა 11.8%-მდე, შესაბამისად, დღეს, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 440 000 ადამიანი. პროგრესი არის ძალიან დიდი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს ჩვენ არც დამშვიდების და არც მოდუნების საშუალებას, იმ პირობებში, როდესაც 440 000 ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერც ბედნიერი და ვერც დამშვიდებული ვიქნებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის, ბუნებრივია, სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში. ამ კუთხით, როგორც უკვე აღინიშნა გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და ჩვენი ამოცანაა, რომ 2028 წელს სიღარიბე ჩამოსცდეს 4%-ს. ანუ, 300 000 ადამიანი, ჩვენი პროგრამის შესაბამისად, დააღწევს თავს სიღარიბეს და ეს მიზანიც აბსოლუტურად შესრულებადია,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ