მამუკა მდინარაძე მთავრობის ახალ შემადგენლობას: გიცხადებთ მხარდაჭერას და ამას კონკრეტული საფუძვლები გააჩნია, ვიდრე ჩვენ დღემდე მოვიდოდით ბევრი ბრძოლა გადავიტანეთ და ჩვენ გვიწევს ომზე ლაპარაკი, რომელიც მშვიდობით უნდა მოვიგოთ
“გიცხადებთ მხარდაჭერას და ამ მხარდაჭერას კონკრეტული საფუძვლები გააჩნია. ვიდრე ჩვენ დღევანდელ დღემდე მოვიდოდით ბევრი პატარ-პატარა ბრძოლა გადავიტანეთ და საერთო ჯამში ჩვენ გვიწევს ომზე ლაპარაკი, რომელიც მშვიდობით უნდა მოვიგოთ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ეს იყო რეფერენდუმი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გარე ინტერესებს შორის. მამუკა მდინარაძის განცხადებით, მორიგ ჯერზე გაიმარჯვა ეროვნულმა ინტერესებმა.
„მაგრამ ეს ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან ეს ომი გრძელდება. არავის ჩაუქნევია ხელი იმაზე, რომ გარე ინტერესები იყოს მძლავრად წარმოდგენილი ამ ქვეყანაში. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ამ ომში საბოლოოდ გამარჯვებას ვერ მივაღწევთ თუ ოდნავ მაინც მოვდუნდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, გარე ძალების წარმომადგენლებისთვის აფხაზი და ოსი მტერია და ეროვნული საქმე რუსულია.
84 მომხრე, 0 წინააღმდეგი, პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.