გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, აქცია მოაწყო ჯოხებით, ქვებით, ცეცხლის წაკიდებით, ამას არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან
“როგორ შეიძლება, აქცია მოაწყო ჯოხებით, ქვებით, ცეცხლის წაკიდებით, ბარიკადებით, ამას არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია შანსს არ უშვებს ხელიდან, თუ რამე გასაპროტესტებელი ნახა, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.
„კარგად ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია შანსს არ უშვებს ხელიდან, თუ რამე გასაპროტესტებელი ნახა, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. მათ შორის, ახალგაზრდები. რაც მთავარია, მოუწოდოს კანონდარღვევისა და რევოლუციისაკენ, რაც დასჯადია. გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ ამ ხალხს არც მოლაპარაკებების გახსნა აინტერესებს, არც ევროპული ღირებულება, არც ქართული და საერთოდ არაფერი. ეს ხალხი არის რევანშისთვის მომზადებული და ეს ჩვენ კარგად ვნახეთ. როგორ შეიძლება შენ აქცია მოაწყო ჯოხებით, ქვებით, ცეცხლის წაკიდებით, ბარიკადებით. ამას აკეთებდნენ კომუნისტები რევოლუციების დროს. ჩვენ ეს ნანახი გვაქვს. შესაბამისად, ამას არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან, ან რას აპროტესტებდნენ. ერთი ადამიანი მაინც გამოვიდეს და მაგალითად, რაც გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, შინაარსი მაინც მოჰყვეს. წარმოდგენა არ აქვთ, რა თქვა კობახიძემ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.