leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: 2028 წლისთვის გვექნება სხვანაირი ეკონომიკური მაჩვენებელი, უფრო წინ წასულები ვიქნებით ყველა პარამეტრით და მზად ვიქნებით, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა

„პარტიის გენერალური მდივანი ვარ, ასევე, დედაქალაქის მერი. გინდათ მოლაპარაკებების გახსნა?! გახსენით, ჩვენ მზად ვართ“, – ასე მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  ევროკავშირს, როდესაც მან მედიასთან პრემიერ-მინისტრის გუშინ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის და ზოგადად ხელისუფლების ერთიანი პოზიცია არის არა ევროინტეგრაციაზე უარის თქმა, არამედ 2028 წლამდე ყველა პარამეტრით მომზადება, რომ ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

„პრემიერმა ვრცელი განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც ვნახეთ ცრუ პროტესტი, რომ თითქოს, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მოხდეს ქვეყნის ევროინტეგრაცია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ღირსებით. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოსთან მიმართებაში ისეთ დამოკიდებულებაში იყვნენ, რასაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავთ. ვისმენთ ძალიან შეურაცხმყოფელ განცხადებებს, ტყუილებით გაჯერებულ  რეზოლუციებს. შანტაჟის საშუალება არავის მიეცემა.

რეალურად ევროკავშირში გვეუბნებიან, რომ 2030 წლამდე ევროკავშირის გაფართოება ვერ მოხდება. კარგად გვესმის ისიც, რომ ყველა ქვეყანა, ვისაც ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა უნდა, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა ასრულებდეს. თუნდაც ეკონომიკური განვითარება, ცხოვრების ხარისხი და ა.შ. მშვიდობის გარეშე ამ ყველაფერს შეუძლებელია მიაღწიო. თუ მშვიდობა არ გვექნება, ეკონომიკური განვითარებაც არ გვექნება. ჩვენ ვამბობთ, რომ 2028 წლისთვის გვექნება სხვანაირი ეკონომიკური მაჩვენებელი, უფრო წინ წასულები ვიქნებით ყველა პარამეტრით და 2030 წლისთვის მზად ვართ, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, თუკი ევროკავშირს მანამდე სურს მოლაპარაკებების გახსნა, ამისთვის ხელისუფლება მზადაა, თუმცა, ეს საკითხი შანტაჟის იარაღად არ უნდა იქნეს გამოყენებული.

„თუ მანამდე უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, გახსნან. ვინ ამბობს ამაზე უარს? მაგრამ ეს არ უნდა იყოს შანტაჟის იარაღი. კანდიდატის სტატუსის მიღების დროს, გახსოვთ, რას აკეთებდნენ. ხალხს აშანტაჟებდნენ –  ეუბნებოდნენ, თქვენ კი იმსახურებთ სტატუსს, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. ამას აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოეხდინათ რევოლუცია, დაპირისპირება, პოლარიზაცია. დღესაც იგივე ხდება. უბრალოდ კანდიდატის სტატუსის მიცემა-არმიცემის ნაცვლად, აქვთ სხვა ინსტრუმენტი – მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის შესახებ.

აქ ვართ, პარტიის გენერალური მდივანი ვარ, ასევე, დედაქალაქის მერი. გინდათ მოლაპარაკებების გახსნა?! გახსენით, ჩვენ მზად ვართ. ვინ გიშლით ამას? მაგრამ ამით როდესაც აშანტაჟებ ხალხს, ეს კატეგორიულად მიუღებელია. არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ დააშანტაჟოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი. ყველას მოგიწევთ შეგუება, რომ საქართველო არ არის მხოლოდ ტერიტორია, საქართველო არის სამშობლო და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, პატივი სცეს ქართველ ხალხს, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს და წარსულს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ