ლევან მაჭავარიანი: სამართალდამცველებმა მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, მაგრამ მათ როცა აგინებენ და ნივთებს ესვრიან, თავის შეკავება რთულია, გუშინდელ აქციას მშვიდობიანს ვერ ვუწოდებ
“სამართალდამცველებმა მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, მაგრამ მათ როცა აგინებენ და ნივთებს ესვრიან, თავის შეკავება რთულია, გუშინდელ აქციას მშვიდობიანს ვერ ვუწოდებ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანი მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი კანონის ფარგლებში გამოხატონ.
„გუშინდელ საპროტესტო აქციას მშვიდობიანს ვერ ვუწოდებ. ტელეკომპანია „მთავარს“ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის განცხადება გაეპარა, სადაც მან თქვა, რომ პოლიციელების მიმართ ქვების და რაღაც ნივთების სროლას როცა ვიწყებდით, პოლიციელები მაშინვე წყობიდან გამოდიოდნენო. რა თქმა უნდა, სამართალდამცველებმა მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, მაგრამ რაღაც ზღვარი არსებობს. მათ როცა აფურთხებენ, აგინებენ და რაღაც ნივთებს ესვრიან, ძალიან რთულია თავის შეკავება, ადამიანები ვართ. ნებისმიერი სახის გადაცდომა ცუდია და პროტესტის გამომხატველ ადამიანებს მოვუწოდებ, იმ ფარგლებში ჩაჯდნენ, რასაც კანონი ითვალისწინებს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.