„საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ მუშაობას, არათუ მოვადუნებთ ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ, პირიქით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს ამ საქმეში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული ქვეყანა არის გამუდმებული შანტაჟის ქვეშ და ამას აქვს კავშირი კონკრეტულ ინტერესებთან.
„რეალურად ყველა ვხედავთ, თუ რა ვითარებაა დღეს ჩვენი ქვეყნის გარშემო. ჯერ კიდევ გრძელდება ის პროცესები, რომლებიც დაიწყო ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში, მაშინ იყო ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა, რასაც მოჰყვა გამუდმებული სირთულეები, პრობლემები, ქვეყნის წინააღმდეგ მუდმივი შანტაჟი, რაც არ გაჩერებულა დღემდე. ეს პროცესი გრძელდება მთელი სამი წლის განმავლობაში 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყანა არის გამუდმებული შანტაჟის ქვეშ და ამას აქვს კავშირი კონკრეტულ ინტერესებთან. დღემდე ეს შანტაჟი არ შეწყვეტილა და ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ახლო მომავალში ეს შანტაჟი შეწყდება. ჩვენ ველოდებით უკრაინაში ომის დასრულებას. დეკემბრის ჩათვლით უკრაინაში ომი არ დასრულდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ გვექნება ოპტიმისტური მოლოდინი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ომის დასრულებამდე ყველა შემთხვევაში გაგრძელდება ეს არასწორი, ღირსების შემლახველი მიდგომა, რასაც ავლენენ კონკრეტული ბიუროკრატები და პოლიტიკოსები ევროკავშირში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ერთგულია ევროპული კურსის და ეს ძალიან ხმამაღლა ითქვა გუშინ.
„ძალიან ხმამაღლა ვიმეორებ ამას დღესაც. რაც შეეხება შანტაჟის ხელოვნურ ინსტრუმენტებს და ეს არის მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რომელიც პრაქტიკული თვალსაზრისით არ იძლევა არაფერს. მეორე ეს არის დაფინანსება, რომელიც შეადგენს 0,2 პროცენტს. აქაც საუბარია საბიუჯეტო გრანტებზე და დაფინანსების არც ერთ სხვა კატეგორიაზე. სპეკულაციური და სიცრუის შემცველი განცხადებები კეთდებოდა „ერასმუსის“ პროგრამებთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ამ სიცრუით რაღაც აჟიოტაჟი გამოეწვიათ ახალგაზრდებში. აქ საუბარია საბიუჯეტო გრანტებზე და არა დაფინანსების სხვა ფორმებზე. შანტაჟის ინსტრუმენტებად გამოიყენება სწორედ საბიუჯეტო გრანტის ფორმით გაცემული გრანტები და შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ იმ თანხებზე, რომელიც გამოიყენებოდა დღემდე შანტაჟის ინსტრუმენტად, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, ეს არის პრაქტიკული გზა ევროკავშირისკენ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ 4 წლის თავზე ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული. შესაბამისად, არათუ მოვადუნებთ ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ, პირიქით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს ამ საქმეში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.