გურამ მაჭარაშვილი: 2030 წლამდე არ იგეგმება ევროკავშირის გაფართოება და შესაბამისად, 2028 წლამდე აზრიც არ აქვს მოლაპარაკებების გახსნას, რადგან ეს ვაჭრობის საგნად გაგვიხადეს
პარლამენტის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „ქართული ოცნების“ საერთო განცხადებას ეხმიანება. დეპუტატის თქმით, გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ოპოზიციას რესურსი არ აქვს, რადგან საზოგადოება გაიზარდა.
მისი განცხადებით, დასავლეთში წასული ოპოზიციის წარმომადგენლებს პატრონებმა გეგმები დაუსახეს.
„ეს მოლაპარაკებების ეტაპი, რომელიც მისცეს მოლდოვასა და უკრაინას და ჩვენ არა, მსგავსად კანდიდატის სტატუსისა, სავაჭროდ აქვთ გამოყენებული“, – აღნიშნა პარლამენტის წევრმა და განმარტა, რომ 2030 წლამდე ევროკავშირის გაფართოება არ არის დაგეგმილი, 2028 წლამდე კი მოლაპარაკებები გახსნის მოლოდინში, ეს საკითხი მუდმივი შანტაჟის თემა იქნებოდა.
მისი თქმით, რადიკალებს დავალება აქვთ ირაკლი კობახიძის განცხადება სპეკულაციურად გაავრცელონ, როგორც ეს გამჭვირვალობის კანონის შემთხვევაში იყო.
„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ვამბობთ, რომ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციის წარმომადგენლებს რესურსი არ აქვთ. წავიდნენ უცხოეთში და პატრონებმა დაუსახეს გეგმა – აქ რადიკალური პროცესების განვითარებაზე. საქართველოს საზოგადოება უკვე გაზრდილია და აღარ ჰყვება მათ [ოპოზიციის] პროცესებს, მაგრამ მცდელობები მაინც აქვთ. ვნახეთ ევროპარლამენტში წასული გვარამია და ბოკუჩავა, რა დროსაც ეს უსამართლო რეზოლუცია იქნა მიღებული, უკვე მერამდენედ. აღარავინ ენდობა რეზოლუციას და უკვე გაცხადებულია, რომ ეს მოლაპარაკებების ეტაპი, რომელიც მისცეს მოლდოვასა და უკრაინას და ჩვენ არა, მსგავსად კანდიდატის სტატუსისა, სავაჭროდ აქვთ გამოყენებული – მოგცემ, არ მოგცემის პრინციპით. რეზოლუციაში არის ჩანაწერი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და გამჭვირვალობის კანონის გაუქმების შესახებ. ანუ ითხოვენ – კაცების გათხოვება დავუშვათ და მივცეთ უცხოელ აქტორებს საშუალება შავი ფული ხარჯონ ენჯეოებში. სხვანაირად არ გავხსნით მოლაპარაკებებსო. სახელმწიფოს რეაგირება რომ არ ჰქონოდა უსამართლობაზე კანდიდატის სტატუსის არ მონიჭების დროს, არც მაშინ მოგვცემდნენ, როდესაც მოგცეს. რომ დაინახეს ჩვენი პრინციპული და სამართლიანი პოზიცია ამიტომ მოგვცეს კანდიდატის სტატუსიც. ახლაც იგივე ვთქვით – მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ ახლაც და 2028-შიც ვიქნებით. 2030 წლამდე არაა მიღება ევროკავშირში, არ იგეგმება გაფართოება და შესაბამისად, 2028 წლამდე აზრიც არ აქვს მოლაპარაკებების დაწყებას, რადგან ეს ვაჭრობის საგნად გაგვიხადეს, თორემ ჩვენ ამისთვის მზად ვართ დღესვე. გახსნან მოლაპარაკებები და დაინახავენ, რომ საქმეს ვაკეთებთ და ეს ჩანს. ამას საზოგადოებაც იგებს ევროპული ინსტიტუტების შეფასებებიდან. მოლდოვაზე და უკრაინაზე აღარც ვლაპარაკობთ, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაზე წინ ვართ არაერთი პარამეტრით. როგორ შეიძლება ასეთი პარამეტრების მიხედვით, რომელიც ევროკავშირის ელჩს უდევს მაგიდაზე და ნახულობს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით პირველ ადგილზეა, თქვა, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე წინ არ მიდის? ეს ხომ მათივე ინსტიტუტების შეფასებებია?! მაგრამ, ამ შემთხვევაში დავინახეთ, რომ როგორც კანდიდატის სტატუსის მონიჭების, ასევე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს იყენებენ სავაჭროდ და რადიკალიზმის წასახალისებლად – გუშინ ვიხილეთ ეს აქციაზე. არც წაუკითხავთ რა წერია რეზოლუციაში. იქ წერია, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინაპირობად კაცების გათხოვება დაგვიყენეს მოთხოვნა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.