leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: 2028 წლისთვის ჩვენ გვექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან, შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად

„რამდენიმე თვე იქნება რთული, კიდევ უფრო რთული, ვიდრე იყო წინა პერიოდები, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ვიღაც-ვიღაცები ჩქარობენ, ჩქარობენ ვიდრე შედგება ამერიკის შეერთებული შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაცია, ჩქარობენ ვიდრე დასრულდება ომი უკრაინაში, ამას დასჭირდება რამდენიმე თვე“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ, რაც მოხდება საბოლოოდ ცვლილებები, დასრულდება ომი უკრაინაში, არსებობს ყველა წინაპირობა ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვისთვის.

„ეს მომდევნო რამდენიმე თვე ჩვენთვის იქნება შესაძლოა კიდევ უფრო რთულიც, ვიდრე იყო წინა 3 წელიწადი, ამიტომ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფხიზლად და ფრთხილად, თუმცა მას შემდეგ, რაც მოხდება საბოლოოდ ცვლილებები, დასრულდება ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, არსებობს ყველა წინაპირობა ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვისთვის. ჩვენ ველოდებით ამ მომენტს.

თქვენ გახსოვთ, წინა 3 წლის განმავლობაში რაც ხდებოდა. ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის,  რომ ჩვენ შეგვქმნოდა ხელოვნური დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე. წელიწადნახევრის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენებოდა, როგორც მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟის ინსტრუმენტი. არავინ არ ახსნა, რატომ არ მოგვანიჭეს ჩვენ 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი, როცა ეს სტატუსი მოლდოვასაც კი მიანიჭეს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ევროპაში, უსუსტესი ინსტიტუტებით, დსთ-ს წევრი ქვეყანა და ა.შ. დღემდე ქართული საზოგადოებისთვის არავის არ აუხსნია რატომ არ მოგვანიჭეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი, როცა მიანიჭეს მოლდოვას და წელიწადნახევრის განმავლობაში რატომ იყენებდნენ ამ თემას საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად. თქვენ ერთი წამი წარმოიდგინეთ დაშვების დონეზე, რა იქნებოდა, რომ მაშინ, 2022 წლის ივნისში ჩვეულებრივად მოენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი, შემდეგ რომ გაეხსნათ მოლაპარაკებები და ა.შ. რა იქნებოდა, იქნებოდა სიმშვიდე და რატომ არ გააკეთეს, იმიტომ, რომ ვიღაცას არ უნდოდა სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში და უნდოდა ამ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩა, უნდოდა პოლარიზაცია, რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში და უნდოდა ნაცმაედანი, „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნება ხელისუფლებაში ძალადობრივი მეთოდებით, ან თუნდაც არჩევნების გზით და უნდოდა საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია. სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს, ამ უსამართლობას ვერ ექნება სხვა ახსნა. როცა გადაივლის პროცესები, როცა დასრულდება ომი უკრაინაში, ჩვენ ველოდებით ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას. აქედან გამომდინარე, ვართ აბსოლუტურად ოპტიმისტურად განწყობილი. 2028 წლისთვის ჩვენ გვექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ასევე იხილეთ