თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან, კახა გულედანთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად, კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებარე შენობა დაათვალიერა. N50 საბავშვო ბაღი გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში შენდება.
კახა კალაძის თქმით, ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი გასულ წლებში მისი მძიმე ავარიული მდგომარეობის გამო განხორციელდა.
„უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოგვიწია ბავშვების სხვაგან გადაყვანა. განხორციელდა ძველი შენობის დემონტაჟი და ახლა ახალი პროექტი ხორციელდება. აგვისტოში დაიწყო სამშენებლო სამუშაოები და მომავალი წლის სექტემბერში დასრულდება, რომელიც ყველანაირად აღიჭურვება და მოწესრიგებული ეზო ექნება. მნიშვნელოვანია ამ ტიპის ინფრასტრუქტურის განხორციელება ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ბაღების მშენებლობას განვაგრძობთ. ამ ტიპის ბაღები, სადაც დაცული იქნება საერთაშორისო სტანდარტი, მთელი ქალაქის მასშტაბით გვინდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ბაღის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. საბავშვო ბაღი 8-ჯგუფიანი იქნება და 230 აღსაზრდელს მოემსახურება. ბაღის პროექტი სრულად შეესაბამება ყველა იმ თანამედროვე სტანდარტს, რაც ბავშვთა უსაფრთხოებისთვის და სკოლამდელი დაწესებულების ავტორიზაციისთვის არის საჭირო.
მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და ალტერნატიულ ფართში განთავსებული კონტინგენტი ახალ შენობაში მომავალი წლის შემოდგომაზე დაბრუნდება. პროექტის ღირებულება 5,5 მილიონი ლარია.
თბილისის მერთან ერთად, ადგილზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.