თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ქართული სასამართლოს მიერ ცნობილი კრიმინალები არიან
ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელს კანონიერად იხდის, შესაბამისად, სხვა ქვეყნისთვის მის გადაცემაზე საუბარი ლოგიკას მოკლებულია.
„მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ქართული სასამართლოს მიერ ცნობილი კრიმინალები, ეს დადასტურებულია სხვადასხვა განაჩენით. მიხეილ სააკაშვილი უკვე იხდის და მოიხდის კანონიერ სასჯელს, რომელიც მას დამოუკიდებელმა ქართულმა სასამართლომ შეუფარდა. შესაბამისად, აქ საუბარი ვერ იქნება ვერანაირ სასჯელის მოხდის პროცესში წყვეტაზე და მის სადმე წასვლაზე ან გადაცემაზე“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინასთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის საქართველომ უნდა შეწყვიტოს ავიამიმოსვლა რუსეთთან და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.