leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი: “ნაციონალური მოძრაობა” ვერ იშლის ხელწერას – 2007 წლის 7 ნოემბერს ისინი სპეცრაზმით შეიჭრნენ ტელეკომპანია “იმედში”, დღეს კი ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელში შეიჭრნენ, უბრალოდ ახლა მათ არ ჰყავთ სპეცრაზმი

პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში რადიკალების შეჭრას ეხმიანება. დეპუტატმა 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედში“ „ნაციონალური მოძრაობის“ შეჭრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეჭრა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, თუმცა ამ შემთხვევაში მათ არ ჰყავდათ სპეცრაზმი, რადგან აღარ არიან ხელისუფლებაში.

სოზარ სუბარის განმარტებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილი რადიკალების ძირითად ბირთვს ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომლები წარმოადგენდნენ. ისინი თითქოს პირდაპირი ეთერის მოსათხოვნად მივიდნენ, მაგრამ მისი განმარტებით, ეთერში დაჯდომის დროს აღმოჩნდა, რომ მათ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გარდა სამსახურის მოთხოვნისა.

“ნაციონალური მოძრაობა” ვერ იშლის ხელწერას. როგორც 2007 წლის 7 ნოემბერს შეიჭრნენ იმედში და დაარბიეს სტუდია, სცემეს ჟურნალისტები, დაახლოებით იგივე ვნახეთ დღეს, როცა ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეიჭრნენ. კიდევ კარგი, ისინი დღეს აღარ არიან ხელისუფლებაში და არ ჰყავთ სპეცრაზმი, თორემ ხელწერა იგივეა და გაცილებით უარესად მოიქცეოდნენ. დღეს ისინი შეიჭრნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, შეურაცხყოფას აყენებდნენ თანამშრომლებს, ცილს სწამებდნენ არხის ხელმძღვანელებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს…

ამის შემდეგ დასხდნენ ეთერში და აღმოჩნდა, რომ სათქმელი არაფერი აქვთ და მათი უმრავლესობა ითხოვდა სამუშაოს. ეს ადამიანები, ძირითადად ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტები იყვნენ, რომლებიც მრავალი წელია მუშაობდნენ ტელევიზიაში, რომელსაც დავით კეზერაშვილი აფინანსებდა ქართული ჯარისგან მოპარული ფულით, მაგრამ მათ ამის არ რცხვენიათ. ახლა, როცა აღმოჩნდა, რომ ტელეკომპანია იხურება, რადგან ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილი აღარ აპირებს ამ ყოვლად ურეიტინგო და უპერსპექტივო არხის დაფინანსებას, გადაწყვიტეს, პირველ არხზე გადაბარგდნენ და იქ იშოვონ სამსახური და თბილი ადგილები.

მაგრამ ეს ასე ვერ მოხდება, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ გახდება ხელმოცარული და უნიჭო ადამიანების თავშესაფარი, ტელეკომპანიას აქვს სარედაქციო პოლიტიკა, ჰყავს გამოცდილი პროფესიონალების გუნდი და ისინი თავად გადაწყვეტენ, ვისთან ითანამშრომლებენ და როგორ სარედაქციო პოლიტიკას გაატარებენ,“– აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ