გურამ მაჭარაშვილი: პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, რადიკალურად განწყობილი აქციის წევრები მოაქციოს კანონის ჩარჩოებში
“ამ აქციებს პერსპექტივა არ აქვს და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო ნაკლები მხარდამჭერი ეყოლება”, – განაცხადა მედიასთან საუბარისას დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პროფესიონალურად მოქმედებს.
„არცერთ ქვეყანაში არ ხდება, ის რაც ჩვენთან – პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, რადიკალურად განწყობილი აქციის წევრები მოაქციოს კანონის ჩარჩოებში. პოლიცია მაღალ პროფესიულ დონეზე აგრძელებს მოქმედებას. ჩვენ ნანახი გვაქვს რა ხდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აქციების დროს – პოლიცია პირდაპირ მიდის დარბევაზე. საქართველოში კი პოლიცია ითმენს შეურაცხყოფას, ქვების, ჯოხების სროლას და ასე შემდეგ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალპროფესიული ქმედებები. ამ აქციებს პერსპექტივა არ აქვს და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო ნაკლები მხარდამჭერი ეყოლება. მით უფრო მეტი ადამიანი მიხვდება იმას, რომ არასწორად არის დაყენებული პროტესტის საკითხი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ, ისევე, როგორც სწორი იყო გადაწყვეტილება სანქციებთან არ შეერთებაზე. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვთქვით, რომ კანდიდატის სტატუსის თემა სავაჭრო თემაა. ჩვენ არაფერს ვაჩერებთ, ვაგრძელებთ გზას ევროკავშირისკენ. 2030 წელს საქართველო სრულყოფილად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.