leaderboard_below_slide
left_sabechdi

მანოლო რომერო: მე ვინისიუსს კვარაცხელიაში გავცვლიდი

მადრიდის რეალის ყოფილმა სკაუტმა მანოლო რომერომ, რომელსაც ესპანურ სპორტულ მედიაში სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე სასაუბროდ ხშირად იწვევენ, ამჯერად “სამეფო კლუბის” ბრაზილიელი შემტევის, ვინისიუს ჟუნიორის გამოხდომებზე ილაპარაკა. რომერომ ბრაზილიელი ვარსკვლავი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სიამოვნებით გაცვლიდა მას ხვიჩა კვარაცხელიაში, ამის საშუალება რომ ჰქონდეს.

23 წლის ბრაზილიელმა რეალის ბოლო 3 მატჩში 4 გოლი კი გაიტანა, თუმცა, ყურადღება არამხოლოდ შედეგიანი თამაშით მიიპყრო – კამათობდა მეტოქეებთან, აპროტესტებდა მსაჯების გადაწყვეტილებებს და არც მეტოქე გუნდის გულშემატკივრების პროვოცირებას ერიდებოდა (მესტალიაზე, ვალენსიასთან შეხვედრაში).

“ჩემი ნება რომ იყოს, ვინისიუსს კვარაცხელიათი ჩავანაცვლებდი. მშვენიერი შემტევი ხაზი გამოვიდოდა მბაპესა და როდრიგოსთან ერთად, –  თქვა Cadena Ser-თან საუბრის დროს რომერომ, რომელიც “სამეფო კლუბში” 20 წლის განმავლობაში მუშაობდა. – ვინისიუსი არ იქცევა კარგად, უბრალოდ, ყველაფერს გოლებით ფარავს. მას სხვანაირად უნდა დაველაპარაკოთ. უნდა დავსვათ ეკრანთან, 30-ჯერ ვაყურებინოთ ჟირონასთან თამაში და ვუთხრათ: აი, ასეთი ვინისიუსი გვჭირდება. თუკი ასე არ ითამაშებ, მოგვიწევს რაღაცების გადახედვა. მისი შეშინება საჭიროა. მან უნდა ითამაშოს ისე, როგორც ჟირონასთან და მოეშვას სისულელეების კეთებას. ასეთი გონების პატრონი შორს ვერ წავა და რომ შეიძლებოდეს, მე მას კვარაცხელიაში გავცვლიდი”.

ვინისიუსმა მადრიდის რეალის მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის 27 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 16 გოლი და მიითვალა 8 საგოლე პასი.

ნაპოლის ქართველი შემტევის ანგარიშზე 36 მატჩი, 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა, თავის გამოჩენის მორიგი შანსი კი მას 12 მარტს, სტუმრად ბარსელონასთან, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში ექნება.

ასევე იხილეთ