leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: 4 წელიწადში შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, 4%-იან ნიშნულს ჩამოცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი

„ჩვენი პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც არის სავსებით რეალური“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში შეიქმნა  170 000 ახალი სამუშაო ადგილი.

„შესაბამისად, უკვე გაკეთებული საქმე გვაძლევს ამ მიზნის თამამად დასახვის საშუალებას და აბსოლუტურად რეალურია, რომ 4 წელიწადში შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი. ესეც არის, მართალია, ამბიციური მიზანი, მაგრამ აბსოლუტურად განხორციელებადი და შესრულებადი. საშუალო ხელფასი 4 წლის თავზე გაიზრდება 3 500 ლარამდე, დღევანდელი მაჩვენებელი არის უკვე 2000 ლარზე მეტი, თუმცა ზრდა ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი და 3 500 ლარს გადააჭარბებს 4 წლის თავზე ჩვენი პროგრამის თანახმად საშუალო ხელფასი“, –  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ასევე ისაუბრა სიღარიბის შემცირებაზე.

„რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად შემცირდება სიღარიბეც და ჩვენი ამბიციური და შესრულებადი მიზანია სიღარიბე ჩამოცდეს 4%-ს 4 წლის თავზე, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ. ამისთვის მნიშვნელოვანია მთელი რიგი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება. ამ კუთხით გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, რომელიც ვითარდება მსოფლიოში და რეგიონში, ამისთვის საკმაოდ დიდი ინვესტიციები იდება, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარებაში. თქვენ იცით, რომ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები აეროპორტების მშენებლობა-გაფართოებასთან დაკავშირებით, ანაკლიის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, შავი ზღვის კაბელის პროექტი. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს დამატებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ზრდას.

ენერგეტიკის სფეროში გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები. 8 000 მეგავატს უნდა გადააჭარბოს ენერგეტიკულმა განვითარებამ და ელექტროენერგიის  გამომუშავებამ 4 წელიწადში. ეს არის ასევე ამბიციური, მაგრამ განხორციელებადი მიზანი აბსოლუტურად. უკვე დაწყებულია მუშაობა ამასთან დაკავშირებით და პროცესები, რა თქმა უნდა, გრძელდება“, –  განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.

 

ასევე იხილეთ